30 ოქტომბერი, 2019

ეთერ ფაღავა – ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი

ეთერ ფაღავა - ფრანგული ბალეტის ვარსკვლავიფრანგული ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ეთერ ფაღავა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილია.

პარიზში დაბადებულმა ბალერინამ მთელი თავისი ცხოვრება საბალეტო ხელოვნებას მიუძღვნა. მან არაერთი თაობა აღზარდა და უამრავი მადლიერი მოსწავლე ჰყავს. ამის დასტურია პარიზის კლასიკური ცეკვის ვარსკვლავთა ასოციაციის მიერ პარიზის ოპერის ეროვნული სკოლის დარბაზში გამართული საღამო, რომელიც ეთერ ფაღავას მიეძღვნა.

საღამოზე ბალერინამ შეკრებილი საზოგადოებისთვის გაიხსენა, როგორც იწყებოდა მისი კარიერა და ბალეტის იმ ცნობილ კორიფეებზე ისაუბრა, რომელბმაც მის შემოქმედებით ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს. ეთერ ფაღავა 4 წლიდან ცეკვავს და უკვე 7-ათეულ წელზე მეტია სცენაზე დგას. თავისი საყვარელი პროფესიით მან მსოფლიო მოიარა და ყველა წამყვანი თეატრის სცენაზე საუკეთესო პარტნიორებთან იცეკვა.

ბალერინას არც თავისი ქართული წარმომავლობა დაავიწყდა და თავისი შემოქმედებითი წარმატებები ქართულ ფესვებს და ქართულ კულტურას მიაწერა. მას თბილისის ოპერაში წარმოდგენილ “ჟიზელზე” და განუმეორებელ ვახტანგ ჭაბუკიანზეც ისაუბრა.

ასაკის მიუხედავად, ეთერ ფაღავა ახლაც ცეკვავს და თავის აღსაზრდელებს საბალეტო ხელოვნებას აზიარებს.