დაუჯერეთ მიხეილ ჯავახიშვილს!

დაუჯერეთ მიხეილ ჯავახიშვილს!მწერალ მიხეილ ჯავახიშვილს ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აწუხებდა ის საკითხები, რომელიც ახლაც ყველაზე აქტუალურია:

“მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად..

ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო.

ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით, რწმენით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენს მაგივრად მე ვიფიქრებო.

ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფას ეკლესიების აშენებაზე. ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს.

მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ-ფეხშუმები და სახარება? განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?

რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათიათას მანეთიანი სამოსელი?.. განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას?

მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო.
ჩემი აზრით ეს ფართი-ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი. აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს. არქიელები და დიდრონი მღვდლები წელიწადში რამდენიმე ათას მანეთს იღებენ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობენ და ძვირფას ეტლებით დადიან.

ერთი ჰკითხეთ, ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი?

ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ სართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით?

ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა ერთი მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალი ცხოვრებით განუგეშებთ.

საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან.. მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს?

დღეს ყველაფერი იყიდება: პური, ღვინო, სასმელი, საჭმელი, თივა, ქერი, მარილი, ლოცვა, კურთხევა, პანაშვიდი, პარაკლისი და წირვა…”