ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის მორიგი ოქროს მედლები

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის მორიგი ოქროს მედლებიმხატვრების ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის შემოქმედებითი წარმატებები გრძელდება. ისინი უკვე მესამედ გახდნენ ოქროს მედლების მფლობელები, ამჯერად მოსკოვში.

8-13 ოქტომბერს ხელოვნების აკადემიაში გაიმართა XX საერთაშორისო ფესტივალი “რუსეთის თასი მხატვრულ შემოქმედებაში”. ქართველმა მხატვრებმა ამ ფესტივალში დაუსწრებლად მიიღეს მონაწილეობა როგორც ევრაზიული მხატვართა კავშირის წევრებმა და პირველი ადგილები და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ანგელინა დამენიას მედალი მიენიჭა ფერწერის კონკურსში აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმში, გელა ფილაურს კი – გრაფიკის კონკურსში, ილუსტრაციაში.

მორიგი გამარჯვების შესახებ ანგელინა დამენია “არტინფოს” ესაუბრა:

– ფესტივალზე “რუსეთის თასი მხატვრულ შემოქმედებაში” თქვენი დებიუტი იყო, თუ ადრეც გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

– ეს კონკურსი, რა თქმა უნდა, ჩვენი დებიუტი არ ყოფილა. ევრაზიული მხატვართა კავშირი რეგულარულად აწყობს გამოფენებს, კონკურსებს და ფესტივალებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიოს ირგვლივ და ჩვენ, როგორც მისი წევრები, ვღებულობთ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში.

ასე ამ წელს (და შარშანაც) ჩვენი ნამუშევრები იხილეს ისრაელში, საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთში, უნგრეთში, ჩინეთში და სხვა. ყველა ამ გამოფენებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გვაქვს, ნამუშევრები კატალოგებშია დაბეჭდილი.

კონკრეტულად ამ ფესტივალში პირველად მივიღეთ მონაწილეობა და შედეგმა ძალიან გაგვახარა. ჩვენ ვთვლით რომ ეს გამარჯვება მხოლოდ ჩვენი არაა, ეს ჩვენი ქვეყნის სახელია.

– რით არის მნიშვნელოვანი თქვენთვის ეს გამარჯვება?

– მორიგი გამარჯვება ყოველთვის დიდი სტიმულია, ჩვენ მზად ვართ ისევ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

– მოსკოვი და რუსეთი საქართველოში მტკივნეულად აღიქმება, ნაწილს მიაჩნია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ქართველი ხელოვანები არ უნდა ჩადიოდნენ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

– არცერთი საკითხი არ გვარდება თავისთავად, ურთიერთობის გარეშე. ხელოვნება პოლიტიკაზე მაღლა დგას და ხალხთა შორის დამაკავშირებელი ხიდია, მეგობრობის და კეთილი ურთიერთობის საწინდარი.

– საქართველოში როდის უნდა ველოდოთ თქვენი ნამუშევრების გამოფენას?

– ჩვენ დავგეგმეთ ერთობლივი პერსონალური გამოფენა, რომელიც გაიმართება 2020 წლის თებერვალში ქალაქ გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში. ეს გელას სკოლა იყო, მანდ ახლაც მოღვაწეობს მისი პირველი ხატვის მასწავლებელი გულო ჩიტიაშვილი.

ჩვენ წინასწარ დიდ მადლობას ვუხდით ამ შესანიშნავი სკოლის დირექტორს, ჩვენს კარგ მეგობარს კახაბერ თოფჩიშვილს ასეთი შემოთავაზებისთვის და ხელის შეწყობისთვის.

მობრძანდით, ყველას გელით ჩვენს გამოფენაზე, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებით!

ანგელინა დამენიას და გელა ფალიურის მორიგი ოქროს მედლები

ანგელინა დამენიას და გელა ფალიურის მორიგი ოქროს მედლები