ვანდა კახიძე გარდაიცვალა – ჯანომ წაიყვანა თავისთან

ვანდა კახიძე გარდაიცვალა - ჯანომ წაიყვანა თავისთანმაესტრო ჯანსუღ კახიძის მეუღლე, პიანისტი ვანდა კახიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია ჯანსუღ კახიძის მუსიკალურმა ცენტრმა გაავრცელა:

“ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თბილისის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი, პიანისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ვანდა კახიძე.

ქალბატონი ვანდა – გამორჩეული პიროვნება, სათნო და გულისხმიერი ადამიანი, მუდამ გვერდით ედგა მეუღლეს და ვაჟიშვილს მათი მრავალრიცხოვანი, დატვირთული საკონცერტო მოღვაწეობის დროს ან სცენაზე როგორც ორკესტრის მუსიკოსი ან მსმენელთა დარბაზში როგორც ერთგული გულშემატკივარი, იქნებოდა ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

ქალბატონი ვანდა – უმშვენიერესი ქალბატონი, მუდამ ღიმილიანი და ალერსიანი, დააკლდება არა მხოლოდ მის დიდ ოჯახს: შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, არამედ მთელ მუსიკალურ ცენტრს, თბილისის სიმფონიურ ორკესტრს, მის ახლობლებს და ვფიქრობთ მთელ ქართულ საზოგადოებას.

თეკა კახიძე, ჯანსუღ და ვანდა კახიძეების შვილი:

“45 წელი ასე ჩახუტებულებმა და ერთმანეთში შეყვარებულებმა იცხოვრეს… მერე 18 წელი მარტო მოუწია ცხოვრება, ერთი დღე არ გასულა, რომ ჯანო არ გაეხსენებინა…. მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა…

ახლა ჯანომ წაიყვანა თავისთან და ამიერიდან ვეღარავინ დააშორებს. სამარადისოდ ერთად იქნებიან.”