26 სექტემბერი, 2019

უზუსტესად მოყოლილი ქეთევან დედოფლის ისტორია

უზუსტესად მოყოლილი ქეთევან დედოფლის ისტორიამართლმადიდებლობისთვის წამებული ქეთევან დედოფლის ისტორია ყველასთვის კარგად არის ცნობილი. თუმცა პოეტმა ედუარდ უგულავამ თავის ლექსში “ქეთევან დედოფალი” შაჰ-აბასის გაუგონარი სისასტიკე უზუსტესად აღწერა და დეტალურად გადმოსცა დედოფლის უდიდესი ტკივილი და განსაცდელი.

“მზე შირაზის ისე მწარედ ანათებს
ლამის ახებს გამშრალ ქვიშას ლოყას…
ისმის “მოჰყავთ” და სისხლისფერ ჯალათებს
იბერიის დედოფალი მოჰყავთ.
რწმენა მისი სხვა სიმტკიცის ფასია…
მზერა მისი სხვა სიმშვიდის არის…
ყელაზიდულს თეთრი კაბა აცვია
(ლამაზია დედა დედოფალი).
არა, შაჰი მასთან ვერ მორიგდება,
ის ურჩობას არ პატიობს მის მტერს:
ან მაჰმადი – პატივი და დიდება,
ან წამება – ესე იგი ქრისტე!..
თუმც დედოფალს, ხალიჩაზე ამაყად
ქვეწარმავლის სინებივრით მწოლი,
ვერ უბზარავს რწმენის მაღალ ალაყაფს
ვერც ირანი, ვერც “ირანის ლომი”;
და ხმა მისი, მტერიც ხვდება უგულო,
რა სიმტკიცეს და სიყვარულს იტევს:
– მხოლოდ ქრისტე! მხოლოდ ქრისტე, უგნურნო!
ჯვარცმული და წამებული ქრისტე!
და სიჩუმე, თითქოს მშრალი თითებით
უფერულ თმას მგლოვიარედ იშლის…
ცხელ ჰაერში ფარფატებენ ჩიტები,
უცნაური ფერისა და ჯიშის.
ღმერთო ჩემო თავზე როგორ უბრალოდ
ახურავენ ადუღებულ მიტრას…
იწვის ხორცი და შენ უწყი, უფალო,
ამ საშინელ ტკივილს როგორ იტანს…
ლამის იქცეს ფერფლად ფრესკის სადარი,
სექტემბრის მზეს ოფლი დასდის სიმწრის…
დედოფალი, სანახევროდ დამდნარი,
ანთებული სანთელივით იწვის.
მერამდენედ, ღმერთო, უკვე რამდენჯერ,
თავზარდამცემ ტკივილების დამთმენს,
ფლეთენ, კვეთენ, მკერდს გაზებით აგლეჯენ
და სისხლშივე აგრილებენ შანთებს.
ეკარგება სხეულს ფერი სინედლის
და სიცოცხლე ჭრილობიდან ჟონავს.
უკვე ცერზე დგება ხალხი მილეთის,
რომ უცქიროს სურათს გაუგონარს.
– მხოლოდ ქრისტე! – მოძრაობენ ტუჩები
(რწმენა მისი ვერ ითქმება ამბად)
და ნაკვერჩხლებს ამოვსებულს ლურსმნებით
აფარებენ ცეცხლმოდებულ საბნად.
ოჰ, ეს ტანჯვა ათჯერ სიკვდილს ეყოფა
და ჯალათი, წამითაც არ შემკრთალს,
ყელში სწვდა და ხელით ახრჩობს დედოფალს,
ჯერაც ცოცხალს, წამებისგან ვერ მკვდარს.
და სულს, სხეულს მტრედივით რომ შორდება,
ცის სილურჯე რომ ირჩია ბინად,
ფრთებით მიაქვს საქართველოს გოდება
და წამებულ შვილიშვილთა გმინვა…
ჯალათი კი, ღვარულ ოფლში გაბანილს
სისხლით იზელს ამობურცულ კუნთებს,
მერე ერთხანს ეჭვით დასცქერს და ბარით
მიცვალებულს შუბლს ყვირილით უმტვრევს…
ხოლო ხალხი – დაფანტულს და ფერაშლილს
ჰგავს მგლებისგან დაფეთებულ ფარას.
ბრბო ირევა და საშინელ ჯგლეთაში
თავდახრილი ქართველები დგანან…
ო, დედოფლის თვალებს ღვთიურ სინაზის
შვენის ფერი – დარჩენილებს ღიად…
სხვის მიწაზე, ცოდვით სავსე შირაზში
გულისწამსვლელ ნაფლეთებად ყრია
ქეთევანი, – ასე უღვთოდ ნამუსრი,
სურვილს რწმენით რომ უბზარავს ირანს…
საქართველოს სიწმინდე და ნამუსი!..
დედოფალი – ორთავ სოფელს შინა!..