10 სექტემბერი, 2019

შეისმინეთ ლევან ღვინჯილიას თხოვნა

შეისმინეთ ლევან ღვინჯილიას თხოვნალევან ღვინჯილიას თავისი პრინციპები აქვს, რომლებსაც არასდროს ღალატობს. ერთ-ერთი მათგანი სოციალურ ქსელში ინგლისურენოვანი მეგობრების რომაელებად მონათვლაა. ამით ენაცმეთნიერი ქართული ენის დაცვას ცდილობს:

“ცუკერბერგმა მოგვცა შესაძლებლობა, ამ ქსელით სარგებლობისას, ჩვენი სახელისა და გვარის დასაწერად გამოვიყენოთ ერთდროულად ორი ანბანი: ერთი (ქართული) იწერება ძირითადი პატამეტრების შესაბამის გრაფაში (სადაც თქვენ, რატომღაც, ლათინურს იყენებთ), ხოლო იმ გრაფაში, რომელსაც აწერია “ზედმეტი სახელი”, ჩაწერთ იმავეს, ოღონდაც ლათინური ანბანით და პრობლემაც მოგვარებულია.

ამ ლათინურანბანიან დასახელებას პროგრამა ჩასვამს ფრჩხილებში და მოათავსებს ქართულის ქვეშ.

შედეგად: თქვენ პატივს მიაგებთ თქვენსავე მშობლიურ სამსახოვან საოცრებას – ქართულ ანბანს, ხოლო არაქართულენოვანი მეგობრები გიპოვნიან ლათინურით და იმავდროულად იმასაც გაიგებენ, თურმე როგორი უდახვეწილესი ენისა და ანბანის პატრონები ვართ.

ამ წერილის ყველა ადრესატს პირადად გიცნობთ ისევე, როგორც თქვენ მიცნობთ მე.

რას იტყოდით? ხომ არ გვეცადა და გამოგვეცადა ერთმანეთი, შეგვიძლია თუ არა ქართველებს, თუნდაც ამ, ერთი შეხედვით, უბრალო საკითხში შევთანხმდეთ და ერთსულოვნება გამოვიჩინოთ ?

უმორჩილესად გთხოვთ, გულშიც არ გაივლოთ ქვემოთ მოყვანილის მსგავსი აზრები: – “ამით ხომ არ იზომება ქართველობა”, “თქვენზე ნაკლები ქართველი არც მე ვარ”, “უცხოელი მეგობრები მყავს”, “რა დროს ასეთი წვრილმანებია, როცა ტერიტორიის 20% გვაქვს დაკარგული”… და მისთანანი.

დიახაც!

საერთაშორისო ქსელში ჩვენ უნდა მივცეთ ასპარეზი ქართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს, ლამის 3000-წლოვან და სამსახოვამ ქართულ ანბანს.

უკვე მე-4 წელია ამას მოვუწოდებ ფბ-ის ქართველ მომხმარებლებს, მაგრამ მეტწილად ამაოდ.

ახლა უკვე პირადადაც მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და ვიმედოვნებ, რომ ჩემის მხრივ ეს მცდელობა არ დარჩება ამაო გარჯად.

ნუ დავაყენებთ “სხვის მკვდარს” ჩვენს არანაკლებ (თუ მეტად არა!) “ცოცხალზე” მაღლა.

P.S. უცებ ერთი იმერული სიმღერა ამეკვიატა (“ირინე და სიკოია”), სადაც ახალდაქვრივებულ ირინეს მასზე გამიჯნურებული სიკოია ლამის ემუდარება: “მკვდარს ცოცხალი მამჯობინე, ჩემო კარგო ირინე, გავახაროთ ერთმანეთი, შემოგევლე ჭირიმე”….

სრულ ვერსიას მაშინ მოგასმენინებთ, როცა საამისო განწყობას შემიქმნით. გემშვიდობებით თქვენი მხარდაჭერის იმედით.”