პოეზია ოკუპაციის წინააღმდეგ

პოეზია ოკუპაციის წინააღმდეგ„პოეზია ოკუპაციის წინააღმდეგ“ – ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელიც ილია ჭავჭავაძის ხსოვნას მიეძღვნება.

12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. ამ დღისადმი მიძღვნილ პროექტს „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ წელს უკვე მეექვსედ ახორციელებს საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება განხორციელდება თბილისის მასშტაბით.

12 საათზე პროექტის გახსნა შედგება სიონის ტაძრის ეზოში, საიდანაც ილიას ცხედარი უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართულმა საზოგადოებამ.

12:30 საათზე დაიწყება ფეხით მსვლელობა სიონიდან მთაწმინდის პანთეონისაკენ რუსთაველის გამზირის გავლით. გზად 5 ადგილას შეჩერდება პროცესია – ორბელიანის მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, მეტრო „თავისუფლებასთან“, პარლამენტის წინ, 1-ლი გიმნაზიის წინ – სადაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით მცირე შემცნებითი ლექცია შედგება. მსვლელობის დროს კი, მსახიობები წაიკითხავენ ქართული პოეზიის იმ ნიმუშებს რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას, რუსეთისაგან დისტანცირების მნიშვნელობას და ანტიოკუპაციურ მიდგომებს გადმოსცემს.
14:30 წუთზე მთაწმინდის პანთეონში შედგენა ლიტერატურული ინტერმედია „პოეზია ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომელიც თერგდალეულთა ბრძოლას ეხება რუსეთის გავლენისაგან მენტალური გათავისუფლებისათვის.
აქვე შედგება, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოთი „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ – დაჯილდოების ცერემონია, რომელის ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეზე, 2017 წელს დაარსდა და წელს უკვე მესამედ გაიცემა. პრემიით პირველ წელს დაჯილდოვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ხოლო – შარშან პრემია გადაეცა მწერალ როსტომ ჩხეიძეს.
18:30 საათზე კი, დასკვნითი ღონისძიება გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც შედგება სემინარი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და მისი ისტორიული, ეროვნული და კულტუროლოგიური მნიშვნელობა“ და კოსტიუმირებული პერფორმანსი.

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, პუბლიცისტი და ლიტერატორი იოსებ ჭუმბურიძე, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი; მსახიობები ასმათ ქურციკიძე, გიორგი იარაჯული, თამარ ადამია, ვაკო კობერიძე, თეკა კოხრეიძე და სიმბოლურად ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი თეატრების მსახიობები: სოხუმის თეატრიდან გიორგი გასვიანი, ცხინვალის თეატრიდან – თაია გოგიძე. დასკვნით ღონისძიებას კი წარუძღვება ისტორიკოსი, მკვლევარი ლევან თაქთაქიშვილი.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს საპატრიარქო;

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“;

საქართელოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;

თბილისის მუზეუმების გაერთიანება;

სოციალური ნაწილის მხარდამჭერები: „ნაყინი – ლიდერი XXI“ და „ველინგტონი“

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, პორტალები: „ლიბერალი“, „კვირა“, „ადამს-ჰოლდინგი“.