4 სექტემბერი, 2019

მიშელ სონის მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის

ახალგაზრდა მუსიკოსებისთვისფრანგი მუსიკოსის, კომპოზიტორის, ფილოსოფიის დოქტორის და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელის მიშელ სონის მასტერკლასები ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში 5, 6 და 9 სექტემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიშელ სონის მასტერკლასები ჩატარდება უკვე შერჩეული ახალგაზრდა პიანისტებისათვის. მასტერკლასებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის იქნება შესაძლებელი.

9 სექტემბერს მაესტრო მიშელ სონი გამართავს ლექცია-სემინარს სახელწოდებით „მუსიკის გავლენა განათლებაზე“, მუსიკის პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის. სემინარზე დასწრების სურვილი მრავალმა პედაგოგმა გამოთქვა, მათ შორის თბილისში მოქმედმა აფხაზეთის სამუსიკო სკოლის ახალგაზრდა პედაგოგებმაც.

მიშელ სონის ინოვაციური მეთოდი მსოფლიოს მუსიკალურმა სამყარომ დიდი ხანია აღიარა და მას „სონის ჯადოქრობა“ უწოდა. მაესტროს მიერ შექმნილი სავარჯიშოები და ნაწარმოებები ასწავლის შემსრულებლებს დაეუფლონ მუსიკის აღქმისა და მისი გადმოცემის სინთეზის ხელოვნებას.