6 სექტემბერი, 2019

მინგრეულ-მონგრეული სულხან-საბას ძეგლი

მინგრეულ-მონგრეული სულხან-საბას ძეგლიმინგრეულ-მონგრეული სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი დარიალის ხეობაში, სამხედრო გზაზე, სოფელ ნადიბანთან დგას.

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ძეგლის სამარცხვინო მდგომარეობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

“სირცხვილით თავს გარეთ ვერ გამოვყოფდი, დუშეთის გამგებლის, მისი მოადგილეების ადგილზე – სულხან-საბას ძეგლი ისევ ეკალ-ბარდებშია, მინგრეულ-მონგრეული, ღამით ჩაბნელებული ისევე, როგორც მაშინ, როცა პირველად – 2013 წლის 23 ივნისს ვნახე.

დღისით ვერ შევძელით და ერთ საღამოს მე და გიორგი წამალაძე ჩავედით, რომ ძეგლის მდგომარეობა გვენახა. ერთადერთი დადებითი მომენტი ისაა, რომ ძეგლის წინ ნაგვის დიდი ურნა აუღიათ და გზის მეორე მხარეზე გადაუდგამთ, ხოლო რკინის მილების ნაწილი ისევ იქ დაგვხვდა.

მინგრეულ-მონგრეული სულხან-საბას ძეგლი

ვინც არ იცის, იმათთვის – სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი დგას დარიალის ხეობაში, სამხედრო გზაზე, სოფელ ნადიბანთან.

დღისით გადაღებული ფოტოები 2014 წლისაა. დუშეთის მუნიციპალიტეტი სირცხვილი თქვენ!”

ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ახლადდანიშნულ მერს ზურაბ სეხნიაშვილს შორის საუბარი შედგა:

“დუშეთის მუნიციპალიტეტის ახლადდანიშნულ მერს ვესაუბრე, შემდეგ ძეგლის ავტორთან დავრეკე და დავრწმუნდი, რომ ძეგლის რეაბილიტაციის მცდელობა მიმდინარეობს.

როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ზურაბ სეხნიაშვილმა მითხრა, სულხან-საბას არ ეკადრება ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა მისი ძეგლია. რეაბილიტაციაზე ზრუნვა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მან მოიძია ძეგლის ავტორი ბატონი გოგი ჟღენტი, რომელიც დუშეთში დაახლოებით ათჯერ იყო ჩასული. ბოლოს ისინი ერთი თვის წინ შეხვდნენ.

ძეგლის რეაბილიტაციისთვის კონკრეტული თანხაც არის განსაზღვრული. ეს კარგი საქმე იურიდიულად გამართულად რომ წარიმართოს, ამისთვის გარკვეული პრობლემა უნდა მოგვარდეს.

ძეგლის ავტორი დამპირდა, რომ შემხვდება და უფრო დეტალურად ამიხსნის პრობლემის გადაჭრის მისეულ ხედვას. დუშეთის მერთან პირადად მე ამ ეტაპზე კითხვები აღარ მაქვს. ძეგლის ავტორთან შეხვედრის შემდეგ უფრო დეტალური ინფორმაცია მექნება და თეთრი და შავი უკეთ გამოჩნდება.”

მინგრეულ-მონგრეული სულხან-საბას ძეგლი