”ღამის სერენადების” წარმატებული თბილისური კონცერტი

”ღამის სერენადების” წარმატებული თბილისური კონცერტითბილისში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის ფესტივალის ”ღამის სერენადების” პირველი კონცერტი ჩატარდა.

2 სექტემბრის კონცერტი აფხაზეთს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე.

ორგანყოფილებიანი კონცერტის პირველ განყოფილებაში დაუკრა ტრიომ ყაზახეთიდან მევიოლინე ბაგდათ აბილხანოვის, ჩელისტ კურვანჟან ახატოვის და პიანისტ ერლან სერკებაევის შემადგენლობით. მათ შეასრულეს ბენჯამინ ბრიტენის უბრალო სიმფონია, ასტორ პიაცოლას ტანგო საფორტეპიანო ტრიოსთვის „წელიწადის დრონი“ და არტიკ ტოკსანბაევის სტეპები ჩანახატები.

”ღამის სერენადების” წარმატებული თბილისური კონცერტი

მეორე განყოფილებაში პიანისტმა სანდრო ნებიერიძემ, მესაყვირე დავით შამანაურმა და დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა დამსწრე საზოგადოებისთვის შეასრულეს ანტონ ვებერნის ნელი ნაწილი (Langsamer Satz) და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი No. 1.

”ღამის სერენადების” წარმატებული თბილისური კონცერტი

თბილისელმა მსმენელმა ფესტივალის თბილისური კონცერტის მონაწილეები ხანგრძლივი ოვაციებითა და მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ირმა კეკელიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე:

„ფესტივალი „ღამის სერენადები“ 37 წელია, რაც არსებობს. ის აფხაზეთის ულამაზეს ქალაქ ბიჭვინთაში დაარსდა. საზარელი ომის და იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. თუმცა ახლა ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის სახელით არსებობს. „ღამის სერენადები“ მაინც ასოცირდება აფხაზეთთან და ბიჭვინთასთან.

ფესტივალის ფარგლებში მოვისმინეთ ქართველი ახალგაზრდა ვირტუოზების არაჩვეულებრივი შესრულება, ასევე უცხოელმა სოლისტებმა ქართველი კომპოზიტორის  ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციები შეასრულეს. დიდი სურვილი მაქვს, რომ ფესტივალი თავის მშობლიურ ქალაქს, ბიჭვინთას დაუბრუნდეს და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ყველა ერთად ვიხილავთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ისაკაძეს, დიდ მაესტროს ვახტანგ მაჭავარიანს, ვირტუოზ ახალგაზრდა მუსიკოსებს  და დამსწრე საზოგადოებას. ეს ფესტივალი ჩვენთვის სავიზიტო ბარათია“.

გიორგი ისაკაძე , ფესტივალ „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„დღევანდელი კონცერტი ბრწყინვალედ დასრულდა. სანდრო ნებიერიძემ და დავით შამანაურმა ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით არაჩვეულებრივად შეასრულეს შოსტაკოვიჩის პირველი კონცერტი. ასევე გამოირჩეოდა ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, რომელსაც  მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორობდა. მათ მიერ შესრულებული ვებერნის  „ნელი ნაწილის“ ინტერპრეტაცია ძალიან ღრმა და ორიგინალური იყო. გარდა ამისა, პირველად შესრულდა და შედგა პრემიერა ყაზახი კომპოზიტორის ტოქსამბაევის ნაწარმოებისა. რაც მთავარია, მაყურებელი და მსმენელი კმაყოფილი დარჩა. წინ 4 სექტემბრის კონცერტი გველოდება“.

სანდრო ნებიერიძე, პიანისტი:

„ღამის სერენადები“ ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო. მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე როგორც ბათუმის კონცერტში, ასევე თბილისშიც, სადაც მუსიკით გამსჭვალული მსმენელი შემხვდა. ასევე მოხარული ვარ, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო და  საყვარელი კომპოზიტორის, შოსტაკოვიჩის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შევასრულე.”

ბაგდათ აბილხანოვი, მევიოლინე:

„მინდა, მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს. აქ საუკეთესო ორკესტრი დაგვხვდა. აღფრთოვანებულები ვართ  „საქართველოს ვირტუოზებით“. საქართველოში ძალიან მაღალი დონის მუსიკოსები გყავთ. დირიჟორი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ „ღამის სერენადები“ უმაღლესი დონის ფესტივალია. საქართველოში ჩვენ მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს. დიდი მადლობა ყველას“.

 

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობა;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედიამხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი   არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.