გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ბათუმშია

გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ბათუმშიაბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი ეწვია.

მიშელ სონი ფესტივალის აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა. ყოველ წელს ფესტივალის ფარგლებში იმართება მაესტროს მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის.

ბათუმის რიგით მეშვიდე ფესტივალის ფარგლებში 5, 6 და 7 სექტემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება მიშელ სონის მასტერკლასები უკვე შერჩეული ახალგაზრდა პიანისტებისათვის. მასტერკლასებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის არის შესაძლებელი.

9 სექტმებერს, ბათუმის დრამატულ თეატრში, დაგეგმილია მაესტო მიშელ სონის ლექცია-სემინარი „მუსიკის გავლენა განათლებაზე“, მუსიკის პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“ და მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდი Sos Talents, ერთობლივად ზრუნავენ ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენაზე, რომლებსაც საშუალება ეძლევათ გაიარონ მიშელ სონის მასტრკლასები და გაემგზავრონ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მაღალი დონის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

5 და 6 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში, მიშელ სონის მოწაფეების ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტების ალექსანდრა მასალევასა და ლიდი სოლომონის კონცერტები გაიმართება.