30 სექტემბერი, 2019

დემეტრე გამსახურდია – კიდევ ერთი სიამაყე ჩვენი ქვეყნისთვის

დემეტრე გამსახურდია - კიდევ ერთი სიამაყე ჩვენი ქვეყნისთვისდემეტრე გამსახურდია ახალგაზრდა კომპოზიტორია. ის ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი და კონსტანტინე გამსახურდიას შვილია.

დემეტრე უცხოეთში ცხოვრობს და მისი შემოქმედება საქართველოში მასიურად არ არის ცნობილი. დემეტრე ახლა საქართველოშია. მან მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში კონცერტი გამართა და ნიკოლოზ რაჭველის მოჯადოებაც შეძლო:

“როდესაც პატარა და გენიალური ცოტნეს ასაკის ვიყავი საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა უმთავრეს სუნთქვას იკრებდა, რათა საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული გამხდარიყო. თუმცა პირველი პრეზიდენტის ინსტიტუტს, არჩეულ პარლამენტს და დამოუკიდებლობის აქტს მოძრაობის ერთერთი უმთავრესი სულისჩამდგმელი და ღირსების ეტალონი მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო, რადგან სპეცსამსახურებმა ის პირველი გაანადგურეს…

ჩემზე მერაბ კოსტავას მოულოდნელმა გარდაცვალებამ ისე იმოქმედა, რომ მუსიკა დამაწერინა და ეს იყო ის პირველი ნაწარმოები, ერთგვარი რექვიემი, რომლითაც ევგენი მაჭავარიანის და დორიან კიტიას ინიციატივით 9 წლის ასაკში წარვსდექი ფილარმონიის დიდ დარბაზში ფართო აუდიტორიის წინაშე. კონცერტს ზვიად გამსახურდიაც ესწრებოდა, რომელმაც მერაბის მგლოვიარე დედას მეორე დღესვე უამბო ჩემი გამოსვლის ამბავი და მალევე მასთან მიმიყვანეს, რათა მერაბის როიალზე მისი მგლოვიარე დედისთვის შემესრულებინა მისი შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემი პირველი ნაწარმოები.

წარმოიდგინეთ, როგორ სამუდამოდ აღიბეჭდა ამ დღის თითოეული წამი ჩემს მეხსიერებაში. აცრემლებულმა ქალბატონმა ოლიკომ მაშინ მერაბის სურათი მაჩუქა მეორე მხარეს წარწერით, რომელიც ჩემთვის პირველი დალოცვაა მუსიკის გზაზე სიარულის დასაწყისში.

ამ საოცარ სახლში დღეს მეორედ მოვხვდი, სახლში, რომელიც ახლა მუზეუმია, იქ კედლიდან მერაბის სურათთან ერთად ქალბატონი ოლიას სურათიც დამხვდა. ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის დღევანდელი დღეც, მაგრამ ამის მიზეზი არის მუსიკალურ-სალონური კონცერტი რომლითაც გვიმასპინძლა ევროპაში მოღვაწე ახალგაზრდა კომპოზიტორმა, დემეტრე გამსახურდიამ, რომელიც ჩვენი პირველი პრეზიდენტის შვილიშვილია.

დემეტრეს შესახებ ბევრი მსმენოდა მისი ერთ-ერთი ნაწარმოებით მოხიბლული გია ყანჩელისგანაც, ნინო ჟვანიასგანაც… მეც ვმეგობრობდი შორიდან, მიმოწერით, მაგრამ არა პირადად. რამდენიმე ხნის წინ ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის ნაწარმოების შექმნაც კი ვთხოვე.

ძალზედ განწყობილი მივედი, თუმცა მოსმენილმა მოლოდინს გადააჭარბა. დებიუსის და სკრიაბინის თხზულებების შემდეგ დემეტრემ თავისი საფორტეპიანო ნაწარმოები დაგვიკრა და, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, 20 წუთის განმავლობაში სრულიად სხვა და მართლაც საოცარ სამყაროში მამოგზაურა. ასე სიტყვებით და ლაკონურად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს მე გავიცანი და მოვუსმინე ძალიან მაგარ ახალი თაობის ქართველ კომპოზიტორს და მოაზროვნეს. ადამიანს, რომელიც კიდევ ერთი სიამაყეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არაერთ გამარჯვებას მოუტანს საქართველოს თავისი მუსიკით. ჰოდა, მინდა მეც გზა დავულოცო მუსიკის სამყაროში და ვუსურვო ერთნაირი მანძილი სიღრმეებსა და მწვერვალებში.

ბედნიერი ვარ და გახარებული!!!”