3 სექტემბერი, 2019

დაწყევლილი სპექტაკლები

დაწყევლილი სპექტაკლებიალბათ ბევრმა არ იცის, რომ არსებობს სპექტაკლები, რომლებიც დაწყევლილია და მათ რეალურ ცხოვრებაში ტრაგედიები გამოიწვიეს.

 

“მოჩვენებითი ავადმყოფი”

მსოფლიოში ცნობილი ფრანგი დრამატურგი მოლიერი მარტო პიესებს კი არ წერდა, არამედ მათში მონაწილეობდა კიდეც.
1673 წლის 17 თებერვალს, “მოჩვენებითი ავადმყოფის” წარმოდგენის დროს, სადაც მთავარ როლს თამაშობდა, ტუბერკულოზით დაავადებულიმა მოლიერმა სცენაზე სისხლი ამოახველა, თუმცა სპექტაკლი მაინც ბოლომდე ითამაშა. ის წარმოდგენის შემდეგ სახლში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

 

“მაკბეტი”

დიდი ხნის განმავლობაში შექსპირის ეს ნაწარმოები თეატრულურ სამყაროში დაწყევლილად იყო მიჩნეული. მის სახელს არაერთი ტრაგედია უკავშირდებოდა, ამიტომ რეჟისორები მისი სახელწოდების წარმოთქმასაც კი გაურბოდნენ და “შოტლანდიურ პიესას” უწოდებდნენ.
ლეგენდის მიხედვით, პირველი ტრაგედია, რომელიც ამ პიესას უკავშირდება, 1611 წელს მოხდა, როდესაც ლედი მაკბეტის შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობი მოულოდნელად ციებ-ცხელებით დაავადდა და გარდაიცვალა.
ეს არ არის ერთადერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც შექსპირის ამ პიესას უკავშირდება. 1970 წელს ამ სპექტაკლში მონაწილე 32 წლის მსახიობს სპექტაკლის თამაშის დროს გულის შეტევა დაემართა და სცენაზე გარდაიცვალა.

 

“მარიამ სტიუარტი”

2008 წელს ვენის თეატრში მიმდინარე სპექტაკლში მორტიმერის როლის შემსრულებელმა მსახიობმა, რომელსაც პირველ მოქმედებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინა, ყელში დანა გამოისვა. სამწუხაროდ, დანა არა ბუტაფორია, არამედ ნამდვილი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მსახიობის გადარჩენა შეძლეს.

 

“ვნება”

2008 წელს ლონდონის თეატრში დაიდგა სპექტაკლი სახელწოდებით “ვნება.” ფინალურ სცენაში ერთ-ერთ პერსონაჟს – პოლკოვნიკ რიჩის დუელში უნდა მიეღო მონაწილეობა. როდესაც გაისროლა, მსახიობს ტყვიის ნამსხვრევი მარჯვენა თვალში მოხვდა. საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად, მისთვის თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მსახიობმა ამ შემთხვევის გამო, თეატრს სასამართლოში უჩივლა.

 

“გოდოს მოლოლდინში”

სამუელ ბეკეტის ყველაზე ცნობილი პიესა “გოდოს მოლოდინში” ტრაგიკული აღმოჩნდა 64 წლის შოტლანიდიელი მსახიობისთვის. 2003 წელს ერთ-ერთი სპექტაკლის დროს ტრაგედია მოხდა – მსახიობს გული გაუხდა ცუდად, სცენაზე დავარდა და გარდაიცვალა.

 

“ქრისტეს ვნებანი”

2012 წლის 6 აპრილს, წითელ პარასკევს, ბრაზილიის ერთ-ერთ თეატრში 27 წლის მსახიობი, რომელიც იუდა ისკარიოტელის როლს ასრულებდა, თავის ჩამოხრჩობის სცენას ემსხვერპლა. მას ყულფი ისე მაგრად მოეჭირა, რომ მაყურებელი და შემოქმედებითი ჯგუფი მხოლოდ 4 წუთის შემდეგ მიხვდა, რომ ტრაგედია მოხდა. მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორკვირიანი კომის შემდეგ ის გარდაიცვალა.

 

“იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი”

ტრაგედია დატრიალდა ცნობილი როკ-ოპერის “იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავის” წარმოდგენისას 1997 წელს საბერძნეთის ერთ-ერთ თეატრში. 26 წლის მსახიობი, რომელიც იუდა ისკარიოტელის როლს ასრულებდა, დამცველი ღვედების არასწორად მორგების გამო დაიხრჩო.

 

“ქალთევზა”

2008 წელს ბროდვეიზე დისნეის წარმოდგენაში “ქალთევზა” მსახიობი ხიდის დეკორაციაზე გადადიოდა, რა დროსაც 10 მეტრი სიღრმის ორმოში იმის გამო ჩავარდა, რომ სცენის მუშებს ის ახდილი დარჩათ. მსახიობმა თეძოს, ზურგის და ორივე მტევნის მოტეხილობა მიიღო.

 

“ლურჯწვერა”

1903 წელს ამერიკაში ერთ-ერთი თეატრი შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის “ლურჯწვერას” მიხედვით დადგმული სპექტაკლით გაიხსნა. თეატრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, ჭყლეტაში 603 ადამიანი გარდაიცვალა, ბევრმა კი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო.