ვერიკო ანჯაფარიძე თენგიზ აბულაძეზე: “ეგ წუწურაქი ეგა!”

ვერიკო ანჯაფარიძე თენგიზ აბულაძეზე: "ეგ წუწურაქი ეგა!"მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე რეჟისორ თენგიზ აბულაძეს წუწურაქს უწოდებდა. ამის მიზეზი რეჟისორის მიერ მსახიობისთვის “მონანიებაში” შეთავაზებული როლი და ერთი ფრაზა იყო.

ამის შესახებ ვერიკო ანჯაფარიძე მეუღლეს, რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს ერთ-ერთ წერილში სწერდა:

“გილოცავ ფერისცვალებას!

გუშინ შენი ქალიშვილი ვენეციიდან ჩამოვიდა. რაღაცა პრიზი მიიღო, ფილმის სახელწოდება არ მახსოვს, ძალიან კი აქებდნენ სოფიკოს.

ვენეციას არ დავიწყებიხარ, გაზეთებში იხსენებდნენ 1947 წელს, ფესტივალს, შენს ფილმს, შენს გვარს. მეც კი გამიხსენეს, როგორც შენი მეუღლე. “ქალი, რომელიც ნაზი მელოდიური ხმით წამღერებით ლაპარაკობდა…” ნეტა ფხლა მოასმენინათ ჩემი ნაზი ხმა – ბებერი ყვავი!

ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ძალიან მენატრები, მიყვარხარ.

გაგიკვირდება, თენგიზ აბულაძემ, მგონი შენი მოწაფეა, თავის ფილმში როლს მთავაზობს, არა, როლი უნდა ნახო, სულ ერთი ფრაზა: “რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს.” ეგ წუწურაქი ეგა. შეეძლო ჩემთვის ცოტა უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა, თუ შენ წინააღმდეგი ხარ არ ვითამაშებ, თუმცა, რატომ გეკითხები? მაინც ხომ ისე გავაკეთებ როგორც მე მინდა?”