28 აგვისტო, 2019

”პირველი მსხვერპლი მარიამი იყო”

”პირველი მსხვერპლი მარიამი იყო”– პირველი მსხვერპლი მარიამი იყო, – ასე მიაჩნია მწერალ ნინო თარხნიშვილს და მარიამობისთვის სპეციალურ ჩანახატს გვთავაზობს:

”პირველი მსხვერპლი მარიამი იყო.
არავის უკითხავს მისთვის, უნდოდა თუ არა ღმერთის ცოლობა, ღმერთის დედობა.
ახარეს, ორსულად ხარო და მანაც მდუმარედ მიიღო ეს ორსულობა.
მერე შვა ღმერთი, საყვარელი შვილი, გაზარდა, თავს შემოევლო და ერთ დღესაც ისე მოუკლეს, როგორც ჩაუსახეს.
ასე იყო საჭიროო.
არავის უკითხავს მისთვის, უნდოდა თუ არა მის შვილს იმ გაძვალტყავებულ ბეჭებზე წამოეკიდა ხალხის ცოდვები და მის თვალწინ ეწამებინათ.
პირველი მსხვერპლი კაცური გადაწყვეტილებებისა, მარიამი იყო.
და მას შემდეგ, მოვდივართ ასე:
ქალები ვართ და მოთმინება გვმართებს.
გვეტყვიან, უნდა გავიგოთ.
წამოგვარტყამენ? ე.ი. ღირსები ვართ.
ვიტყვით რამეს, უზრდელები ვართ.
ქალს მანდილი უხდება, ქუთუთოების ქვევით დაწევა…

ასე მივიღე მარიტას მარიამად გარდასახვაც.
სახელდახელოდ წამოფარებული თავსაფარი შევისწორე და თვალები მარმარილოს იატაკს მივაშტერე, მღვდელმა რომ მითხრა, მარიტა რა სახელია, დღეიდან მისი სახელი მარიამი იქნებაო და ყიფლიბანდიდან ღინღლები წააჭრა გაოცებულ მარიტას. და იმ დღის შემდეგ მივუხვდი იმ ქალს, რომელსაც არაფერი ჰკითხეს, ისე გააჩენინეს ღმერთი.
და თუ ჩემ შვილს, ასე უდრტვინველად, მგრგვინავი ხმით შეუცვალეს სახელი, მის შვილს ხელისგულებში ლურსმნები გაურჭეს.

მარიამ, იცოდე, მე შენს გვერდით ვარ.
იქნებ ამბის მოყოლა გინდოდეს რამე, იქნებ შენს აუხდენელ ოცნებებზე ლაპარაკი…
მე რაში უნდა დაგჭირდე, ღმერთის დედა ხარ,
მაგრამ მაინც, იქნებ ხანდახან ღმერთის დედასაც სჭირდება რამე.”