15 აგვისტო, 2019

ფრანგი მუსიკოსის მიშელ სონის მასტერკლასები ბათუმში

ფრანგი მუსიკოსის მიშელ სონის მასტერკლასები ბათუმშიგამოჩენილი ფრანგი მუსიკოსის მიშელ სონის მასტერკლასები ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.

ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს 4 სექტემბერს ეწვევა.

მიშელ სონი ფესტივალის აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა. ყოველ წელს ფესტივალის ფარგლებში იმართება მაესტროს მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის.

გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“ და მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდი შოს თალენტს, ერთობლივად ზრუნავენ ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენაზე, რომლებსაც საშუალება ეძლევათ გაიარონ მიშელ სონის მასტრკლასები და გაემგზავრონ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მაღალი დონის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

წელს ბათუმის რიგით მეშვიდე ფესტივალის ფარგლებში 5, 6 და 7 სექტემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება მიშელ სონის მასტერკლასები უკვე შერჩეული ახალგაზრდა პიანისტებისათვის. მასტერკლასებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის იქნება შესაძლებელი.

9 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში დაგეგმილია მაესტრო მიშელ სონის ლექცია-სემინარი „მუსიკის გავლენა განათლებაზე“, მუსიკის პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის. სემინარზე დასწრების სურვილი მრავალმა პედაგოგმა გამოთქვა, მათ შორის თბილისში მოქმედმა აფხაზეთის სამუსიკო სკოლის ახალგაზრდა პედაგოგებმაც.

მიშელ სონის ინოვაციური მეთოდი მსოფლიოს მუსიკალურმა სამყარომ დიდი ხანია აღიარა და მას „სონის ჯადოქრობა“ უწოდა. მაესტროს მიერ შექმნილი სავარჯიშოები და ნაწარმოებები ასწავლის შემსრულებლებს დაეუფლონ მუსიკის აღქმისა და მისი გადმოცემის სინთეზის ხელოვნებას.

“მიშელ სონი არის უნიკალური მოვლენა, რომელიც სრულიად განსხვავებული, არასტანდარტული და მომავალ საუკუნეში გათვლილი ინოვაციური აზროვნებით უყურებს მუსიკის სწავლებას. მისი, როგორც ფილოსოფოსის, პიანისტის და კომპოზიტორის მრავალმხრივი განათლებისა და ნიჭის დამსახურებით შეიქმნა ეს ინოვაციური მეთოდი, რომელმაც პირველივე ჯერზე გაამართლა. ამ მეთოდით შეიძლება მიაღწიო მოკლე დროში და სივრცეში ძალიან შთამბეჭდავ შედეგს. დღეს მიშელ სონის მეთოდს სამუსიკო განათლებისთვის არა ერთი ქვეყანა იყენებს.

თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ასოცირებული ევროპასთან, ჩვენ უნდა გავიზიაროთ მათი გამოცდილება. ფესტივალის სლოგანი „ფანჯარა ევროპისკენ“ ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება კულტურის ღია ფანჯარა ევრპისკენ,“ – განახცადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფორმალური და არაფორმალური სახელოვნებო განათლების კონსულტანტმა, მუსიკისმცოდნე მაია დათუნაშვილმა.