27 აგვისტო, 2019

”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტი

”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტითბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადები 2019”-ის ფარგლებში ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ სასწავლებელში კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართა.

კვარტეტის შემადგენლობაში შედიან ახალგაზრდა მუსიკოსები: კონსტანტინე ეროიანი – პირველი ვიოლინო, დავით აკოფიანი -მეორე ვიოლინო, ეკატერინე კაზარიანი – ალტი, გიორგი ნადარეიშვილი – ჩელო.

კონცერტზე შესრულდა დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-8 სიმებიანი კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მე-6 კვარტეტი (დაუსრულებელი), რომელიც პირველად აჟღერდა საქართველოში. კონცერტი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და მას ფართო საზოგადოებასთან ერთად  ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელები და პედაგოგები.

კონცერტის საპატიო სტუმრები იყვნენ მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი  გიორგი ისაკაძე.

”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტი

კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეეძლო.

”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტიფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი:

”მას შემდეგ, რაც ალექსი მაჭავარიანი გარდაიცვალა, აღმოვაჩინე მისი დაწერილი მთელი რიგი ხელნაწერი ნაწარმოებები, რომლებიც არამც თუ საზოგადოებამ, მეც კი არ ვიცოდი მათი არსებობის შესახებ. ძალიან მიხარია, რომ მამაჩემის დაუსრულებელი კვარტეტის პირველი შემსრულებლები იყვნენ ისეთი ნიჭიერი მუსიკოსები, როგორებიც არიან კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის წევრები.

აღფრთოვანებული ვარ მათი შესრულებით და თითოეულ მათგანს დიდ მუსიკალურ კარიერას ვუწინასწარმეტყველებ. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ მამაჩემის კვარტეტის პრემიერა შედგა ”ღამის სერენადების” ფესტივალის ფარგლებში, რადგანაც ლიანა ისაკაძე იყო ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებების პირველი ინტერპრეტატორი და ბრწყინვალე შემსრულებელი.”

”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტიგიორგი  ისაკაძე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

”უდიდეს მადლობას ვუხდი კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებმაც ბრწყინვალედ გაართვეს თავი ამ ურთულეს მისიას. შოსტაკოვიჩის მერვე კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მეექვსე დაუსრულებელი კვარტეტი არაჩვეულებრივად  შეასრულეს ახალგაზრდებმა.

დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ კონცერტს ჰქონდა საგანმანათლებლო ხასიათი  და მას დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგები და აღსაზრდელები. წარმატებებს და დიდ მუსიკალურ წინსვლას ვუსურვებ  მათ.”

”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტიკონსტანტინე ეროიანი – პირველი ვიოლინო:

”ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ასევე დიდი პატივია, რომ ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი დაგვთანხმდა შეგვესრულებინა ალექსი მაჭავარიანის  მე-6 კვარტეტი, რომელიც პირველად შესრულდა. ჩვენ ასევე შევასრულეთ დიმიტრი შოსტაკოვიჩის მერვე სიმებიანი კვარტეტი.

უდიდესი მადლობა  მინდა გადავუხადო განსაკუთრებულად თბილ ბათუმელ მსმენელს.”

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;  ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი  არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა  “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“;  რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.