14 აგვისტო, 2019

გელა დაიაურის მიძღვნა დედას

გელა დაიაურის მიძღვნა დედასპოეტ გელა დაიაურის მიძღვნა დედას თავისი იუბილესთვის გამორჩეული საჩუქარია.

პოეტმა გადაწყვიტა საკუთარ დაბადების დღეზე ლექსი ძვირფასი მშობლისთვის დაეწერა:

“დე…

დღეს გამაჩინე, დღეს გატკინე და გამახსენდი,
ალბათ არწივის უმწეო შვილს დაცემით ვგავდი,
გადატყავებულ მუხლისთავებს კი არა, დედი,
სისხლიან სულებს გვიკოცნიდი და ცრემლით გვბანდი.
ამ ყოიშ გზაზე საგზალი მაქვს, კვლავ, ჩასადები,
დედი, ადგილი ვეღარ ვნახე, რომ დამესვენა,
კალთა განქარდა ტირილის დროს თავჩასადები,
გაყინულ სულის გასათბობი მზე ჩაესვენა.
პირველად ვხდები ჩემს გაჩენას, დედი, უშენოდ,
რომ მენატრები, არ გამიწყრე და არ გეწყინოს,
სულს დავიწყების ყრუ კედელი ამოვუშენე,
უფრო ხშირად რომ გამახსენდე, უფრო მეტკინო.
დღეს გამაჩინე, ვარ ზიარი უბედო ბედის,
ვერ ავიცილე წუთისოფლის მუხთალი ფანდი,
გადატყავებულ მუხლისთავებს კი არა, დედი,
დაჩეხილ სულებს გვითბობდი და ცრემლებით გვბანდი.”