20 აგვისტო, 2019

გელა ჩარკვიანის განსაკუთრებული მოგონება მწერლებზე

გელა ჩარკვიანის განსაკუთრებული მოგონება მწერლებზეგელა ჩარკვიანის საინტერესო ცხოვრებიდან არაერთი ეპიზოდია მნიშვნელოვანი და საყურადღებო. მათ შორის გამორჩეულია მოგონება მწერლებზე:

“მახსოვს, ასაკით მცირე, თუმცა ზეპირ თარგმანში უკვე საკმაოდ გამოწრთობილი ბიჭი ვიყავი, როცა საქართველოს მწერალთა კავშირიდან მთხოვეს დავხმარებოდი პენ კლუბის (PEN International) დელეგაციის მიღებაში.

მოსკოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ დელეგაციის ვიზიტს, რადგან პენ კლუბი თავის რიგებში მსოფლიოს იმ ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს აერთიანებდა, ვისი გამონათქვამებიც აყალიბებდნენ თავისუფალი სამყაროს საზოგადოებრივ აზრს. საბჭოთა კავშირს კი საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით ძალიან უჭირდა.

ბორის პასტერნაკის მიერ ნობელის პრემიის მიღებისა და მასზე უარის თქმის ეპიზოდი, მისი დაგმობა საბჭოთა მწერლების მიერ და არაერთი სხვა სამარცხვინო ამბავი, არც თუ დიდი ხნის მომხდარი იყო.

ერთი სადილი დელეგაციას წინანდლის სამთავრობო რეზიდენციაში მოუწყვეს. სუფრასთან ცნობილი ქართველი ლიტერატურული და საზოგადო მოღვაწის, უნიჭიერესი, საოცარი იუმორით დაჯილდოებული კაცის გვერდით აღმოვჩნდი. არ ვიცი, იქნებ მასთან საუბრისას რაღაც მისთვის საწყენი წამომცდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ გამებუტასავით და მხოლოდ მაშინ დამელაპარაკა, როცა სუფრა დასასრულს უახლოვდებოდა.

მისი ტონი ოდნავ დიდაქტიკურად მეჩვენა და არ მესიამოვნა, თუმცა ყურადღებით ვუსმენდი. „გელა, შენ, როგორც ჩანს, მწერლობას არ უყურებ სერიოზულად. იცოდე, მწერალი ძალიან დიდი კაცია. მას შეუძლია თავისი სიტყვის ძალით გარდაქმნას საზოგადოება, სურვილისამებრ განაწყოს იგი და, თუ საჭიროება მოითხოვს, კიდევაც გაუძღვეს მას“.

ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე თვალებში შემომხედა და განაგრძო: „გელა, მე ნამდვილ მწერლებზე ვლაპარაკობ, თორემ ჩვენ მწერლები კი არა, ტრაკის მლოკველები ვართ,“ – ეს თქვა და ამოიოხრა.

პენ კლუბი საბჭოთა კავშირში „ბოროტების იმპერიის“ გაქრობამდე მხოლოდ სამი წლით ადრე, 1988 წელს შეიქმნა.”