8 აგვისტო, 2019

ეძღვნება საქართველოს გმირს – გიორგი ანწუხელიძეს

ეძღვნება საქართველოს გმირს - გიორგი ანწუხელიძესსაქართველოს გმირს გიორგი ანწუხელიძეს, რომელიც ოკუპანტებმა წამებით მოკლეს, პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა ლექსი მიუძღვნა:

”მე მიყვარს ჩემი სამშობლო ლურჯი,
ულამაზესი და უსამანო…
შენ ხომ არ იცი, ესოდენ ურჩი,
რად დავიბადე, იასამანო?..
ან რად ავისხი ცრემლი მძივებად,
ოდეს მზისგულზე ვარდი ეყარა?..
რად მიჩქარდება მაჯა ძლიერად,
ოდეს მწუხარებს ჩემი ქვეყანა?..
ანდა ეს სტროფი რატომ მრისხანებს,
რად გადაუცვამს მკერდზე აბჯარი?..
რითმას, – ნაომარს და ნაგრიგალევს,
რატომ არტყია ქამარ-ხანჯალი?..
მაგრამ, რა არის წუთისოფელი,
თუ სამშობლოსთვის გული არ გიცემს?..
არ დაგითმია ქვეყნად ყოველი,
როგორც გიორგი ანწუხელიძეს?!.
ან დაკუნთული, მძლავრი ხარივით,
თუ არ მოგიხნავს ნავენახარი…
ან ერთხელ მაინც, იოთამივით,
არ ჩაუციათ ზურგში ლახვარი?!.
თუ სტიქიების არ ხარ დაქალი,
არ გხიბლავს ქარის შლეგი სინაზე…
ვინმე ავგული, ვინმე ავთვალი,
არ გაგითელავს დიდ კორიდაზე! –
მითხარი, ჩემო იასამანო,
ღირს კი ცხოვრება, ესოდენ ლურჯი? –
ულამაზესი და უსამანო,
მაგრამ თევზივით უტყვი და მუნჯი?..
შუაღამეა…ჩემს ფანჯარასთან
მშვიდად ირწევა იასამანი…
ვზივარ საკანში ურჩი ავაზა,
საქართველოა ჩემი საკანი!..”