27 აგვისტო, 2019

“ჩვენ გვიყვარს დავითი, მაგრამ – მკვდარი”

აი, რატომ უნდა გვიყვარდეს დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი ნებისმიერი ქართველისთვის ერთ-ერთი უძლიერესი მეფეა.

ნუგზარ სულა სულაშვილი კი თვლის, რომ ქართველებს ნამდვილად გვიყვარს დავითი, თუმცა მკვდარი:

“ახლა, ნებისმიერი ქართველი რომ შეაჩერო და ჰკითხო, ვინ იყო საქართველოს ყველაზე ძლიერი მმართველიო, ყველა გიპასუხებთ, რომ ასეთი დავით აღმაშენებელი გვყავდა…

რაღა თქმა უნდა, მართლაც ასეა, მაგრამ…
მაგრამ დღეს, მსგავსი რეფორმატორი რომ მოუვლინოს ზეციერმა ჩვენს ქვეყანას (მგონი ერთხელ უკვე სცადა) ასეთ კაცს ვერ აიტანენ… და ვერ აიტანენ, პირველ რიგში, ის პატრიოტები, რომლებიც მის ეპოქას მისტირიან და დავითის ხატით ლაშქრავენ რუსთაველის გამზირს…

მათ მხოლოდ ის იციან, რომ დავითმა შექმნა ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ის არ იციან, რომ მათ მსგავს არაკაცებს დილეგებში ამოხადა სული.
მგონი არც ის გაუგიათ, რომ სწორედ მისი მეფობის დროს, საქართველოში უცხოელ ინვესტორთა (ვაჭრების) რიცხვი, ლამის აბორიგენებს გაუთანაბრდა.

სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგია ეკონომიური აღმავლობის და რეგულარული ჯარის ჩამოყალიბების.
პარადოქსია მაგრამ ფაქტია: ჩვენს ეკლესიას სალოცავად წინ უდევს დავითის ხატი (მეეჭვება თვალს უსწორებდნენ) და არ ახსოვთ რუის-ურბნისის კრება…

საინტერესოა რა ჭკუაზე დადგებოდნენ ქართველი ბიზნესმენები, თუ მათ უცხოელ ინვესტორებისგან განსხვავებით მეტ გადასახადს დაუწესებდნენ?

დიახ, ჩვენ მივტირით დავითს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა…
დავითი, ეს არის საქართველო კორუფციის გარეშე. მოღალატეების გარეშე; კრიმინალების გარეშე; ნეპოტიზმის გარეშე; მდიდარი სასულიერო პირების გარეშე; ჩალიჩის გარეშე; თაღლითების გარეშე; უსამართლობის გარეშე;

დიახ, ჩვენ გვიყვარს დავითი, მაგრამ – მკვდარი…
ჩვენ თამარიც გვიყვარს…
გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით…
ისევ წიწამურში მოვკლავთ…”