13 აგვისტო, 2019

ბათუმის ხელოვნების ფესტივალი – საქართველოს კულტურის ფანჯარა მსოფლიოში!

ბათუმის ხელოვნების ფესტივალი - საქართველოს კულტურის ფანჯარა მსოფლიოში!ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოში ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც იუნესკოს მაღალი პატრონაჟი მოიპოვა. მას უცხოური მედია, მსოფლიოში საქართველოს კულტურის ფანჯარას უწოდებს!

2019 წლის 1-10 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა,“ საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ბათუმის რიგით მეშვიდე შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს გამართავს.

ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან. 10 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს კლასიკური მუსიკის ჰანგები მოეფინება. ბათუმის დრამატული თეატრის საკონცერტო დარბაზში გაცოცხლდება ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, სენსანსის, შოპენის, ლისტის, რაველის შედევრები.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას განსაკუთრებულ იდენტობას და მნიშვნელობას აძლევს. მასტეკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ-კრეატიულ ცნობიერებას ეფექტურად ამაღლებს.

მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს რეგიონების ყველა კუთხის მუსიკოსს შეუძლია. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად ზოგადი კულტურის გასამდიდრებლად მუსიკალური არტ-ბანაკის ჩატარებაა დაგეგმილი, რომელშიც 300-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი აქტიურ სამზადისშია და მსმენელთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადება.

https://www.facebook.com/batumimusicfest/videos/1140142782845015/