5 ივლისი, 2019

ზაზა შენგელია მიხეილ გიორგაძეს ამხელს

ზაზა შენგელია მიხეილ გიორგაძეს ამხელსსტუდია “ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელი ზაზა შენგელია კულტურის ყოფილ მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ხელის შეშლაში ადანაშაულებს:

“გიორგაძეს და მის გუნდს დაატოვებინეს კულტურის სამინისტრო… მეც და ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც ამ შეჭირვებულ დროში რეალურად რაღაცას ქმნიან და ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეობენ, მიგვაჩნია, რომ მიხეილ გიორგაძის და მისი მეგობრების ყოფნის წლები საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობაში იყო ყველაზე ნეგატიური და მძიმე კულტურისათვის.

ამ ადამიანებს რეალურად არ ესმოდათ ქართული კულტურის მნიშვნელობა მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, როცა კულტურა პრაქტიკულად ქვეყნის და მისი მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადობის და იდენტიფიკაციის ერთ-ერთ უძლიერეს ინსტრუმენტს წარმოადგენს…

რა თქმა უნდა, ერთი წლის წინ საქართველოს კულტურის სამინისტროს გაუქმება იყო უდიდესი შეცდომა და ამას დღეს ბევრი ადამიანი ხმამაღლა ამბობს, თუმცა მათ ისე დააკნინეს თავად სამინისტროს როლი და დაბლა დასწიეს სამინისტროს თამასა, რომ მაშინ თითქმის არანაირი პროტესტი არ მოჰყოლია საზოგადოების მხრიდან სამინისტროს გაუქმებას…

კიდევ რა შემიძლია ვთქვა? რომ ამ ადამიანების სამინისტროში მუშაობის პერიოდში “ბრავო რექორდსისთვის” და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა ბევრი კომპანიისთვის სამინისტრო არ არსებობდა არცერთ განზომილებაში, გარდა ხელის შეშლისა…

პირიქით, მოგეხსენებათ, შარშან GRAMMY-ის საიუბილეო, მესამოცე დაჯილდოების ცერემონიალზე პუერტო-რიკოელი რეპერის, რეზიდენტეს ალბომმა, სადაც “ბრავო რექორდსში”‘რეზიდენტეს მიერ ქართველ მუსიკოსებთან ერთად ჩაწერილი სინგლიც შევიდა GRAMMY დაიმსახურა “საუკეთესო ლათინური როკ და ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში”. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში…

ამ უდიდესი გამარჯვების გამო, თუნდაც ფარატინა ქაღალდზე მოლოცვაც კი არ მიგვიღია… მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ კარგია, რომ ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა და იმედი მაქვს არც არასოდეს განმეორდება.”