14 ივლისი, 2019

თემურ თათარაშვილი: ”სოლიდარული ვიყავი, ვარ და ვიქნები!”

თემურ თათარაშვილი: ”სოლიდარული ვიყავი, ვარ და ვიქნები!”მომღერალი თემურ თათარაშვილი ახალგაზრდების მიმართ სოლიდარობას საჯაროდ აფიქსირებს:

“ახალგაზრდების მიმართ ჩემი სოლიდარობა კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო! მე სოლიდარული ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები იმათ მიმართ, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის!

რაც შეეხება ჩემს პოზიციას გიორგი გახარიას გადადგომა-არ გადადგომაზე, ჩემი განცხადება მიმართულია კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომელსაც ჩემი აზრით, სურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება!

ამიტომ მივიჩნიე, რომ გახარია არ უნდა გადადგეს მანამ, სანამ გამოძიება არ დაადგენს, არის თუ არა, ის დამნაშავე სახელმწიფო ინსტიტუციების დაცვისას კონკრეტულ გადაცდომებში. და ამ გადაცდომებში თუ მისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, მაშინ მას ისედაც მოუწევს გადადგომა, მიუხედავად იმისა, ვინ უჭერს მას მხარს და ვინ არა.

სწორედ ამ პოზიციის გამო მოიცალა ჩემთვის ნაციონალურმა მოძრაობამ. პარტიული დავალებით მომიგზავნეს ჟურნალისტი, რომელიც ყველანაირად ეცადა პარტიის დავალება შეესრულებინა და გამოვეყვანე წყობიდან. კონცერტის მშვიდად ჩატარების უფლებას არ მაძლევდა. ბევრი თხოვნის მიუხედავად, მაინც გამომტყუა ემოციური ტექსტი, რომელიც შემდეგ გამოიყენეს ნოდარ მელაძის გადაცემაში ცილისწამებით, აგრესიით და მტრის ხატად გამოყვანის კონტექსტით შეფუთული!

ჩემი ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა საყოველთაოდ ცნობილია. ყველას მიმართ ვარ კომუნიკაბელური და გახსნილი და ეს კარგად იციან ჟურნალისტებმა, ვისაც როდესმე შეხება ჰქონია ჩემთან.

აშკარა მცდელობაა რომ ჩემგან, ადამიანისგან, რომელიც არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში, არასდროს არავისთვის არაფერი დამიშავებია, (თუ რამე დავაშავე ისევ საკუთარ თავს დავუშავე), მთელი ცხოვრება ვმღერი საქართველოსთვის და ჩემგან ახლა უნდათ მტრის ხატის შეთითხვნა! არავის აქვს უფლება ჩემგან, როგორც საქართველოს მოქალაქისგან და ხელოვანისგან გამოიყვანოს მტერი, რომელიც თითქოს უპირისპირდება ახალგაზრდობას და ამართლებს მათზე ძალადობას!

პ.ს რაც შეეხება ჩემს “ბარიგობას”, რაზეც ახლა ჭორიკნობენ ზოგიერთები, თვით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, რომელმაც გამასამართლა, ვერ დამდო ბრალი “ბარიგობაში”. სასჯელი მოვიხადე ნარკო-მოხმარებისთვის და მას შემდეგ ცხოვრებში აღარასდროს გავკარებივარ ნარკოტიკებს! ვინც ამას დღეს ტირაჟირებს, არის საშინელი ცილისმწამებელი! ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი იბრძოლა, რომ თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვრა და ყველას ჰქონოდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება! ამიტომ, ნაც მოძრაობის აქტივსტებს და ტროლებს ვთხოვ, თავი დამანებონ და მომცენ საშუალება მქონდეს საკუთარი აზრი!”