რატომ უნდა წასულიყო გოგიჩა ნაწყენი?

რატომ უნდა წასულიყო გოგიჩა ნაწყენი?ყველასთვის უბრალოდ გოგიჩა – გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კოლეგა ვახო კანდელაკი მასთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს:

“ბოლოს პირველი არხის ეზოში ვნახე.

ძალიან გაბრაზებული, უფრო სწორედ ნაწყენი იყო!

– ბიჭო, გადაცემა დამიხურეს ისე, რომ ეს ყველაფერი ჩაწერაზე გავიგეო.
– გოგიჩ, მეც იგივე სიტუაციაში ვარ, ეხლა გავიგე-თქო.
თავში გამიელვა აზრმა და ეგრევე გავუზიარე, მოდი ვუჩივლოთ მაგ არაკაცებს-თქო.
– მოდიო!!! მაგას არ შევარჩენო.

ორი საათის მერე დამირეკა და მეუბნება, ვახსტანგი (ასე მეძახდა გოგიჩა) ბიჭო, რაღაც მაგრად მერიდება სასამართლოში გასაჩივრება, რას იტყვის ხალხიო!

ახლა ხალხი გამოჭენდება, ჩემო ძმობილო, ამ სივრცეში და დაიწყებს მიწერ-მოწერას, თუ რა მაგარი ადამიანი იყავი და რა ნიჭიერი!

ისინიც დაწერენ უეჭველი, თავი რომ გაიმართლონ შენ რომ გული გატკინეს.
ჩემო უფროსო და უკეთილესო მეგობარო!

შევხვდებით ერთმანეთს და მერე გავარკვიოთ ყველაფერი!
მიყვარხარ და მომენატრები!”