14 ივლისი, 2019

ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკანასკნელი სურვილი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკანასკნელი სურვილიეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკანასკნელი სურვილი შეუსრულებელი დარჩა. სიკვდილის წინ მან დაიბარა, რომ ცხედარი დაეწვათ, რათა მისი ფერფლი ოდესმე დამოუკიდებელ საქართველოში დაეკრძალათ.

პარიზში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს პირველ მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობა გაეხსნა. ამას თან ტუბერკულოზიც დაერთო და ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქაქუცა საწოლს იყო მიჯაჭვული და სამშობლოზე ფიქრობდა. ის მეგობრებთან ერთად ხშირად იხსენებდა საქართველოს, ბრძოლებს, წარსულს…

სიკვდილის წინ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ქართული მიწა, ჯვარი და ხატები მოითხოვა. მან ალექსანდრე სულხანიშვილს დაუბარა, ეს ნივთები მისი შვილისათვის გადაეცა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილთან უკანასკნელ შეხვედრას მისი მეგობარი თამარ პაპავა ასე იხსენებდა:

“თითქოს მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს და ახლა ფრთამოტეხილ არწივს ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერამორეულ ცრემლს უშრობდა.

– გახსოვს, თამარ, ალავერდობა? – მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს, დაბალი მთრთოლვარე ხმით.
– გახსოვს თამარ, 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი?
– გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?
– გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
– ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია. რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი არ მერეოდა.
– გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო?…კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ!”