17 ივლისი, 2019

მუხრან მაჭავარიანის ყველაზე დიდი სიყვარული

მუხრან მაჭავარიანის ყველაზე დიდი სიყვარულიპოეტ მუხრან მაჭავარიანის ყველაზე დიდი და ერთადერთი სიყვარული მისი მეუღლე – ლამარა ბოკერია იყო – ინგლისური ენის ფილოლოგი და ჟურნალისტი.

პოეტს მეუღლემ მემორიალური ხასიათის წიგნი “ძე ქუხილისა” მიუძღვნა, სადაც მათი თანაცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები გაიხსენა.

მათ ერთმანეთი პირველად ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო საღამოზე ნახეს, როდესაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუხრან მაჭავარიანმა ტატოსადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა და აღფრთოვანებული დარბაზი დიდხანს უკრავდა ტაშს.

თავად მუხრან მაჭავარიანი მისი საყვარელი ქალბატონისადმი ყველაზე ნაზი გრძნობის გაჩენას ასე იხსენებდა:

“ერთ მშვენიერ დღეს (კურთხეულ იყოს ის წუთი), გავიხედე, – რას შევხედე: სიყვარული… სიყვარული არ მეძგერა! შორით ვკიდე თვალი: ორფერი კაბა ეცვა (თეთრი, – ლურჯი ზოლებით)…
“ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა,
მე გული მთხოვა ერთ საღამოს იმ ქალიშვილმა.
…და მე დილამდე ქუჩებში ვიარე…
შინ რომ მოვედი – გულაღმა დავწექ, –
ხელები თავქვეშ ამოვილაგე.
ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, –
მე ყველაფერი შემაყვარა იმ ქალიშვილმა.”
სიყვარულის მეხუთე წელს, ოცდახუთი წლისამ შევირთე ქალი – ლამარა ბოკერია…”

ლამარა ბოკერიას ერთგული დარჩა პოეტი სიცოცხლის ბოლომდე. ქალბატონი ლამარა თავის მოგონებებში მათი გაცნობის დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებდა:

“ჩვენ გაოგნებულებმა გამოვიხედეთ იქით და შენ დაგინახეთ… როგორ არა, როგორ არა, – ვთქვი და ორივენი ფეხზე წამოვცვივდით… შენ ნელი ნაბიჯით წამოხვედი ჩვენკენ… ჩვენ მოკრძალებით გამოგიწოდეთ ხელი… – თუ შეიძლება, გაგაცილებთ, მეც იქით ვცხოვრობ, ვერაზეო, – თქვი მორიდებით… და წამოვედით ერთად, ნელი ნაბიჯით, გამოვიარეთ რუსთაველის გამზირი, ლენინის ქუჩა (ახლა კოსტავასი) და ჩემს სახლთან, კიროვის (ახლა ვერის) ბაღის პირდაპირ (სადაც ახლა ფილარმონიაა) შევჩერდით… – მე აქ ვცხოვრობ! – გითხარი. – მე ეს ძალიან კარგად ვიციო, – მიპასუხე. – მართლა, საიდან? – და გახარებულმა, ფრთაშესხმულმა ავირბინე კიბე! იმ საღამოს შენთან შეხვედრისას თითქოს დიდი ნათელი ჩამეღვარა გულში და დღემდე იმ ნათელით ვსულდგმულობ…
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! –
სად არის იგი! –
ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის, –
იმ ერთის პოვნის, –
ათასში ერთი გამხდარა ღირსი”.
ალბათ არსთა გამრიგემ ინება, რომ მე და შენ ერთმანეთი გვეპოვა და ჭეშმარიტი სიყვარულით გვყვარებოდა ერთმანეთი გარდაცვალებამდე და შემდგომაც!”

წყვილმა დაქორწინება მალულად გადაწყვიტა, რადგან ქალბატონი ლამარას ოჯახი წინააღმდეგი იყო:

“ჩვენს ოჯახს არ უნდოდა, შენ რომ გამოგყოლოდი და ამის გამო გამოვიპარე სახლიდან. ხელი მოვაწერეთ ორჯონიკიძის სახელობის მმაჩის ბიუროში – ჩვენი მეჯვარეები იყვნენ: არჩილ სულაკაური და გიგლა ხუხაშვილი.
ქორწილის შემდეგ შინ დავბრუნდი, შენც სახლში წახვედი… ასე ვიყავით თითქმის ერთი თვე. დედამ ჩემი გათხოვების ამბავი გვიან გაიგო… ნერვიულობისგან ლოგინად ჩავარდა და ძლივს გადავარჩინეთ… მერე კი, როცა ახლოს გაგიცნო, ძალიან შეუყვარდი და პატივს გცემდა…”

ქალბატონ ლამარას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდა მის გარეშე ცხოვრება ესწავლა:

“რაც დრო გადის, უფრო მძაფრად იგრძნობა შენი არყოფნა… უშენოდ არაფერს ლაზათი აღარა აქვს, თითქოს დაცარიელდა ჩვენი სახლი… და ჩემთვის მთელი სამყარო… შავ ფხვიერ მიწაზე ახლად ამოსულ ბალახებს აწვიმს… მე ახლა უფრო მიყვარს “ბალახი და წვიმა” და უფრო ძლიერ – შენ…”

მუხრან მაჭავარიანი რუსთაველის თეატრის სცენაზე ლექსის კითხვისას გარდაიცვალა:

“როცა ერთად ვიყავით, დრო საოცრად სწრაფად გადიოდა… შენი წასვლის შემდეგ კი ჩემთვის თითქოს გაჩერდა დრო… ვნატრობ: – ნეტავ, მალე გათენდეს! ნეტავ, მალე დაღამდეს! დრო კი რატომღაც ნელ-ნელა გადის! ო, როგორ მიჭირს უშენოდ… ჩემ გარჩემო სიცარიელეა… გარს მახვევია შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები… მაგრამ მაინც მარტო ვარ… უმიზნოდ ვცხოვრობ, მზის ამოსვლისას შენზე ვფიქრობ, მზე რომ შუბის წვერზეა, მაშინაც… მზე რომ ჩადის, შენთან ვარ ფიქრით… ახლა გუმანით ვხედავ, როგორ ჩადის მზე მთაწმინდის დასავლეთით, როგორ ნელ-ნელა გადადის ეული კვიპაროსის ჩრდილი შენი საფლავის ლოდიდან, თანდათან იშლება შენი სახელი და გვარი, დიდი ასოებით ამოტვიფრული საფლავის ლოდზე:
“საფლავის ტყუილა დიდგულობს ლოდი;
კუბოთი მთავრდება სიცოცხლე როდი!”

შენს სიტყვებს ვიმეორებ – ჩემდა ნუგეშად!… არის რაღაც მისტიკური იმაში, რომ მე შენ პირველად (მოზარდ მაყურებელთა თეატრის) და უკანასკნელად (რუსთაველის თეატრის) სცენაზე გიხილე… მთელი საქართველოს თვალწინ გაგიჩერდა გული, სასწაულებრივად გაჩერდა შენი მაჯის საათიც… გაზაფხულზე დაიბადე და გაზაფხულზე გადახვედი მარადისობაში…”