მოუსმინეთ ნიკა ჩერქეზიშვილს

მოუსმინეთ ნიკა ჩერქეზიშვილსპოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს თავისი სათქმელის საჯაროდ გამოხატვის არასდროს ერიდება.

ამის გამოძახილია მისი ჩანაწერი, რომელიც ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს ეძღვნება, თუმცა ეს საშინელი ამბები დღეს და გუშინ არ დაწყებულა:

“ორი სიტყვით რომ ვთქვა, თუ რა დღეში ვართ:

შორია გზამდე.
მანძილს როდის დავფარავთ კი არა, ჯერ გზაზეც ვერ დავდექით.
უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჯართის შეგროვებისას მიწაში ჩამარხული ბავშვი და სულ ახლახანს ლიფტის შახტაში ჩალეწილი მოზარდიც კმარა.
და რისთვის?
რაღაც თეთრებისთვის.
სარესტორნო მომსახურებისას ერთ პერსონაზე იხარჯება იმდენი ფული, რამდენსაც ეს ბავშვები (!) მთელი თვის განმავლობაშიც ვერ იშოვნიდნენ.
ყელში როგორ გადასდით, რანაირად ღეჭავენ ლუკმას?

საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ ვმუშაობდი, კოლუმბიელი სტუმრები იყვნენ ჩამოსული და ერთ კაცზე ვახშმის თანხა 165 ლარი გამოიყო .
პენსიაზე მეტი, თვიდან თვემდე რომ უნდა იმყოფინოს პენსიონერმა.
გავაპროტესტე და ასეთი პასუხი მივიღე:
ნიკა, ჩვენ ვართ საქართველოს სახე.

ეს სიტყვები სამუდამოდ დამამახსოვრდა.
ასე ინიღბება ქვეყნის რეალური მდგომარეობა, ის გაჭირვება და სასოწარკვეთა, რაც ხალხშია.
კაის შეჭამენ, კაის დალევენ უცხოელები (არც ადგილობრივი ჩინოვნიკები იკლებენ რამეს), გაპრიალებულ დარბაზებში ისრიალებენ მაკასინებით და წაფარფატდებიან შემდეგ საკუთარ ქვეყნებში კმაყოფილები.
აქ კი მიწაში, ლიფტის შახტაში თუ მაღაროში იმარხებიან სანდრო ბუცხრიკიძისნაირი მაგარი ბიჭები, ვინც რეალურად არიან დღევანდელი საქართველოს სახე.

პატიოსნად მშრომელები, ოჯახის მარჩენლები, ნაადრევად დაკაცებული ბავშვები.”