2 ივლისი, 2019

მიშა ჩარკვიანი: “ქართული თეატრი არის სამარცხვინო!”

მიშა ჩარკვიანი: "ქართული თეატრი არის სამარცხვინო!"ახალგაზრდა რეჟისორი მიშა ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქართული თეატრი არის სამარცხვინო, ფუნქციადაკარგული, გაზულუქებული პარაზიტი, რომელსაც წვეთი სოლიდარობა არ გააჩნია:

“We must finish this fucking cold war” – მომწერა მოსკოვის ერთ-ერთი მსხვილი თეატრალური ფესტივალის დირექტორმა, როცა თებერვალში უარი ვუთხარი ფესტივალში მონაწილეობაზე რუსული ოკუპაციის გამო.

ვუთხარი, რომ ომი შეიძლება მათთვის ცივია, მაგრამ ჩვენთვის სულ არაა ასე. ჩვენთან ყოველდღიურად ცვლიან საზღვარს, ხშირად იტაცებენ ადამიანებს, რომლების ნაწამებ ცხედრებს მთელი თვე ველოდებით, უფრო ხშირად კი იტაცებენ და 300 ლარს ითხოვენ ოჯახებისგან, რაც ალბათ არც წარმოგიდგენიათ რამდენია ოკუპირებულ საზღვართან მცხოვრები გლეხისთვის, რომელსაც არავითარი დახმარება არა აქვს სახელმწიფოსგან.

თვითონ შევხვდი და რა წამსაც სოფლის გამგებელი მოგვშორდებოდა და მიხვდებოდნენ, რომ მე მთავრობის მიგზავნილი არ ვარ, იწყებდნენ ლაპარაკს თავიანთ ყოველდღიურობაზე, იწყებდნენ და არ ჩერდებოდნენ.

სოფლები ცარიელდება, რადგან სახელმწიფო, რომელიც წესით ყველა სიკეთეს უნდა იმეტებდეს, იმისთვის რომ რეგიონი რაც შეიძლება გაძლიერდეს და მცოცავმა ოკუპაციამ ბოლომდე არ გადაყლაპოს, მარტო ტოვებს მათ რუსი ოკუპანტების პირისპირ.

რაც არ უნდა პათეტიურად ჟღერდეს, არ მინდა მივიღო მონაწილეობა იმ ბიუჯეტით დაფინანსებულ ფესტივალში, რომელიც საოკუპაციო მავთულხლართებს აფინანსებს, რომელიც ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ჩასახოცად ყიდულობს ტყვიებს და თუ ამას ვერ ხვდებით ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანები, ან სხვა მოქალაქეები, ჩადით გივი ტატუნაშვილთან წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ჩადით და მოუსმინეთ მხიარულ ისტორიებს აჩიკოზე, რომელსაც ისე ყვება, რომ გულს გაგიხვრეტს და მერე ვეღარ გააგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც იქამდე ცხოვრობდი.

– სასტუმრო “პეკინი” რუსეთში ჩემ ახალგაზრდობაშიც კი საუკეთესო იყო – კმაყოფილებით და სიხარულით სავსე ხმით უთხრა მოსკოვში გასტროლზე მიმავალ ახალგაზრდა მსახიობს შედარებით ხანშიშესულმა, როცა თეატრში ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად მივედი, და მაშინ გავიფიქრე, რომ ქართული თეატრი არის სამარცხვინო, ფუნქციადაკარგული, გაზულუქებული პარაზიტი, რომელსაც წვეთი სოლიდარობა არ გააჩნია, არათუ გივი ტატუნაშვილის მიმართ, არამედ თავისივე თანამშრომლის, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელი გაგდებით ემუქრება განსხვავებული აზრის ქონის გამო.

ჩვენ ვხედავთ ქართველ მსახიობებს და რეჟისორებს, რომლებიც ძირითადად ხელფასზე, დაფინანსებაზე, დაუფასებლობაზე წუწუნებენ ტელეეკრანიდან, რომელზეც ზუსტად ორი წუთის წინ გავიდა ნიუსი იმ ქალზე, რომელმაც გორის საზოგადოებრივ ტუალეტში, რომელიც ღამის გასათევად ქირავდება, იმშობიარა.

ძვირფასო კოლეგებო, თქვენი გუგლგრილობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, ოკუპაციის, სიღატაკის, ადამიანთა უფლებების, ძალადობის და სხვა მრავალი საკითხის მიმართ სირცხვილია და ჩვენამდე “ზურგით მოთრეული თეატრი” ამ სირცხვილს არ კომპენსირებს!”