18 ივლისი, 2019

ისტორია “დედა ენაზე”, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ

ისტორია "დედა ენაზე", რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ“დედა ენაზე” ბოლო დღეები ბევრს საუბრობენ და ამის მიზეზი მისი სკოლებში დაბრუნებაა.

ლევან თაქთაქიშვილი:

“დედა ენა! არ მეგონა რომ როდისმე თავისუფალ საქართველოში გოგებაშვილის “დედა ენას” დაცვა დასჭირდებოდა.

ამ თემაზე საუბარს მისი ისტორიით დავიწყებ: იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ დედა ენას საუკეთესო დამცველი გამოუჩნდა: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. პიროვნება კი ლუარსაბ ბოცვაძე, მისი გარდაცვალების შემდეგ 1919 წელს, ეს საზოგადოებაც სულს ღაფავდა: სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ლამის თავის ფილიალად გადააქცია. “დედა ენაშიც” ამ პარტიის დროშა და პარტიული სარეკლამო ილუსტრაციები გაჩნდა.

გასაბჭოების შემდეგ დედა ენა ჯერ ავტორის გვარის გარეშე დაბეჭდეს, “შედგენილი ი.გ-ს მიერ” – ასე ეწერა ყდაზე. შემდეგ კი საერთოდ აკრძალეს. სწავლა ანბანისა პლაკატებით დაიწყეს. ამ საქმეს რუსუდან ნიკოლაძე ჩაუდგა სათავეში. არშემდგარი პროექტი. ერთ პლაკატზე ქალი ეხატა, ქათმებს საკენკს რომ უყრიდა და ეწერა: ჯუ, ჯუ! ასე ასწავლიდნენ ასობგერა ჯ-ს.

მაშინდელმა ინტელიგენციამ პროტესტი გამოთქვა, ბატონებმა აკაკი გვახარიამ და ვარლამ ძიძიგურმა ახალი წიგნი შესთავაზეს ბავშვებს, მასში ეს პლაკატებიც იყო და ტექსტებიც, ასე ნელ-ნელა 1926 წლიდან 1936 წლამდე მიიყვანეს საზოგადოება კვლავ “დედა ენის” დაბეჭდვამდე, რომელსაც ეწერა: “დედა ენა” იაკობ გოგებაშვილის მიხედვითო. ეს მაშინ “დედა ენის” გაცოცხლება იყო, თუმცა ტექსტები საბჭოთა სინამდვილის ამსახველი, სტალინი მამლაქათთან ერთად, ლენინი, კოლმეურნეობა და ასო-ბგერა ჯ-ს შესწავლისას ეწერა: მათხოჯი. ეს ვარლამ ძიძიგურის დაბადების ადგილი იყო.

ძვირად დაუჯდათ იაკობის გაცოცხლება. თუნდაც ამ ფორმით. აკაკი გვახარია დააპატიმრეს და დახვრიტეს. ვარლამ ძიძიგურმა კოლეგის ოჯახს ჰონორარი რომ აეღო და ასევე ავტორი რომ არ მოშორებულიყო წიგნს, მისი ძმა – ალექსანდრე გვახარია დააწერა ყდაზე: ა. გვახარია, მაინც აკაკი გვახარიას გულისხმობდნენ როგორც აკაკის ოჯახში, ასევე კგებეში. ამიტომ 1951 წელს ბიბლიოთეკებში რომ რეპრესირებული ავტორების სია მოვიდა და შიგნით აკაკი გვახარია ეწერა, ამოკრიფეს ყველა დედაენა ა. გვახარიას ავტორობით ბიბლიოთეკებიდან და დაწვეს. ეს აკაკი გვახარიას ღირსეულმა შვილმა ბატონმა შურა გვახარიამ მომიყვა.

მერე ქალბატონი ბურჯანაძე და ბოცვაძე პატრონობდნენ “დედა ენას”, ერთი ვარლამ ბურჯანაძის ოჯახის წევრი იყო, მეორე ლუარსაბ ბოცვაძის. მერე კი რამიშვილი – ცვლილებები იმდენი იყო, რომ ბოლოს “დედა ენა” ისე იყო გოგებაშვილის, როგორც საბჭოთა კონიაკი OS სარაჯიშვილისა. სსრკ-ს დროს OS – ჩენ სტარს ნიშნავდა, სარაჯიშვილის დროს კი ოლია სარაჯიშვილს. “დედა ენა” ჯერ ბრენდი იყო, სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი – ფულის საბეჭდი მანქანა. იმდენად გათავხედდა გამომცემლობა განათლება, რომ ახალი ფირმა შექმნეს: “ლამპარი” და განათლებიდან “დედა ენის” ბეჭდვის და გავრცელების უფლება ლამპარმა აიღო.

მერე კი “დედა ენის” პირველი ნაწილი სამ რვეულად დაყვეს და თითოს მამასისხლის ფასად ყიდდნენ, შპალერის ქაღალდზე დაბეჭდილს. რატომ არ ეწერა წიგნს ავტორად გოგებაშვილი და რატომ იყვნენ მისი შემდგენლები? გოგებაშვილმა ანდერძით წიგნი ძმისშვილებს არ დაუტოვა, გადასცა წერა-კითხვის საზოგადოებას, საზოგადოების მემკვიდრე განათლების სამინისტრო იყო. სამინისტროში კი სურდათ, “დედა ენა” რაც შეიძლება მეტად შეეცვალათ, საქმეში ეთვლებოდათ. მასში საუკეთესო ლექსები ხშირად არ შედიოდა, შედიოდა ბევრი მდარე ლექსი საბჭოთა პოეტებისა. გოგებაშვილს იყენებდნენ წინიდან და უკნიდან. ასე იყო.

“დედა ენის” სახელმძღვანელოს დაბეჭდვაზე ოცნება გამომცემლებმა მხოლოდ 2000 წლიდან დაიწყეს. არადა ყველაზე ღირსეული ნაბიჯი ბატონმა ვახტანგ როდონაიამ გადადგა. მან გამოსცა და წარადგინა “დედა ენის” სახელმძღვანელო არა გოგებაშვილის პრინციპების, არამედ დამოუკიდებელი ექსპერიმენტის მიხედვით. შედეგმაც არ დააყოვნა: ჯერ ლამის მიწაში ჩადეს, შემდეგ მოიწონეს სკოლებმა. ეს იყო რეალური ალტერნატიული სახელმძღვანელო. ლამპარი საბჭოთა დედაენის ატავიზმს ბეჭდავდა, არაერთი გან.სამინისტროს ყოფილმა ფუნქციონერმა მოინდომა გოგებაშვილის სახელმძღვანელოს გადამუშავება.

დღეს, როცა იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო ძეგლად გამოცხადდა და ყველაზე ნაკლები ცვლილებებით მომზადდა სულმნათი პედაგოგის სახელმძღვანელო წარწერით: იაკობ გოგებაშვილი. “დედა ენა”. 2019 წელი. რა? არ აქვს მას უფლება ერთ-ერთ ალტერნატიულ სახელმძღვანელოდ იყოს? როცა ლევილის ბიბლიოთეკაში სათუთად არის შენახული გოგებაშვილის დედა ენები, როცა ბერლინში დავით ხელაძე 1931 წელს ბეჭდავს “დედა ენის” 1912 წლის გამოცემის ასლს ქართული ემიგრაციისათვის, როცა 1976 წელს “დედა ენის” ასი წლის იუბილეზე 1876 და 1912 წლების “დედა ენის” ზუსტი ასლების 100000 ეგზემპლარის დაბეჭდვის შემდეგ ეს ასლები დღესაც თითქმის ყველა ოჯახში ინახება, როცა ღვთისმშობლის წილხვედრობაზე იჭაჭები და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეზე სახლში ხვრინავ ოცდამეერთე საუკუნეში, როცა გალში, ოჩამჩირეში, თურქეთის იმერხევში გოგებაშვილის “დედა ენით” ჩუმად სწავლობენ ქართულს, როცა მასწავლებლები იმ ამოცანას ვერ ხსნიან, რომელსაც ბავშვებს ავალებენ, რა გოგებაშვილს მიადექი და თუ გოგებაშვილის მეთოდები მოძველებულია, ბატონ ვახტანგ როდონაიას რატომ გაუშრეთ სისხლი?

რა გინდა ქართველო ერო? გითხრათ? პასუხი ბაგრატის ტაძარშია. ბაგრატის ტაძარი არ უნდა აღედგინათო! რატომ? დაკარგა ქუთაისის ხელმძღვანელობამ ფულის შეჭმის შანსი. ყველა სამხარეო ხელმძღვანელობა მისი აღდგენის ფულს ჭამდა, “დედა ენის” ასე გამოცემამაც საავტორო უფლებები გოგებაშვილისა შესაჭმელი არ გახადა. ეხლა უნდა დაწერონ ახალი სახელმძღვანელო. ვინ არის დამწერი? არადა გვჭირდება ახალი საანბანო სახელმძღვანელო კომპიუტერული პროგრამით, არადა გვჭირდება ქართული ენის და წერის სასწავლებელი კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც უფასოდ განვათავსებდით ინტერნეტში. არადა გვჭირდება ქართული ტექსტის წამკითხველი პროგრამა, სპილჩეკერით. კომპიუტერული ტექნოლოგიები და ელექტრონული სახელმძღვანელო ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენის სასწავლებლად. ქართული ემიგრაციისათვის. ო, რა ნიჭიერი და ზარმაცი არამზადები ვართ!

ერთი ამბავიც: იაკობ გოგებაშვილი სულთმებრძოლი რომ იწვა, მისი ახლობელი შევიდა და უთხრა: იაკობ, ყველას 100 მანეთი დაუტოვე, მე კი 50 მანეთიო, იქნებ გამიზარდოო. ცრემლი წამოუვიდა იაკობს. როცა მისი ძმიშვილი შევიდა, იაკობმა ლუღლუღით უთხრა: ამ კაცს 100 მანეთი დაუმატეთო. დღევანდელ დღეს რომ მოსწრებოდა, ნეტავ რას იტყოდა?”