16 ივლისი, 2019

იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” = ბავშვისთვის გასაგებს

იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" = ბავშვისთვის გასაგებსიაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ბრუნდება. ამ სიახლემ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი სიახლეს მიესალმება, ნაწილი კი – კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

კოტე იანტბელიძე:

“მთელი დღეა, ,,დედა ენა” მესმის და ძლივს მოვიცალე, რომ დამეწერა ერთი-ორი სიტყვა.

ამ ორ სიტყვამდე, ასპირანტურაში დისერტაცია ვწერე ,,დედა ენაზე”, წერა-კითხვის სწავლების მეთოდებზე და ზოგადად, სწავლების ქვეცნობიერ მეთოდებზე.

იმ პერიოდშივე შესწავლილი მაქვს ანბანის აბსოლუტურად ყველა სახელმძღვანელო, რაც კი გვქონია იაკობამდეც და მერეც.

რა გავიგე:

ჩვენ არ ვიცით, რა არის საკითხის ფუნდამენტური შესწავლა და ეს გვიქმნის ძალიან დიდ პრობლემებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ეს ნამდვილად იცოდა იაკობმა.

ჩვენ არ ვიცით, რა იცოდა იაკობმა, რადგან როგორც გითხარით, არ ვიცით საკითხის ფუნდამენტური შესწავლა.
იაკობამდეც და მერეც იყო ბევრი ავტორი (ბოცვაძე, ბურჯანაძე, ისარლიშვილი, იოსელიანი და ა.შ.) და არც ერთ ავტორს იაკობივით არ გახსენებია, რომ მთელ ამ ამბებში მთავარი გმირი იყო ბავშვი! აი, როგორც ახლა ხდება: ვიღაცას იმიტომ მოსწონს, რომ გოგებაშვილის ჰქვია და გოგებაშვილზე კი ბევრი არც არაფერი იცის სინამდვილეში. ვიღაცას იმიტომ არ მოსწონს, რომ სხვას არ ჩაეთვალოს საქმეში. ობიექტურ, ალალ, საღი მიდგომის და ბავშვზე ორიენტირებული დამოკიდებულების ადამიანს იშვიათად შეხვდებით ამ ორომტრიალში.

,,იაკობის დედა ენა” ან ,,იაკობის მეთოდი” არის ძალიან ზოგადი ფორმულირება.
33-ჯერ გამოიცა და ყოველ წელს ცვლიდა, აუმჯობესებდა, ახალისებდა და აახლებდა სახელმძღვანელოს. აკითხებდა ბავშვებს და აზრს იგებდა, მათ შენიშვნებს ითვალისწინებდა! საკუთარ იდეებს იწუნებდა, შემდეგ რაღაც ახალს გამოიკვლევდა და მიხვდებოდა, რომ ის დაწუნებული კარგი იდეა იყო და აბრუნებდა. ისევ ბავშვებს ეკითხებოდა.

სახელმძღვანელო ბევრჯერ შეცვალა და კიდევ რომ ეცოცხლა, კიდევ ბევრჯერ შეცვლიდა… უფრო სწორად, ყოველ წელს შეცვლიდა! დღემდე როგორი სახით მოიტანდა, კაცმა არ იცის. ჩვენც არ ვიცით, რადგან ჩვენ ხომ ფუნდამენტურად არაფერს ვსწავლობთ. აი, იაკობმა იცოდა, მაგრამ უკვდავი არ იყო სამწუხაროდ.

ხო, რაც შეეხება მეთოდს. იაკობის მეთოდი იყო ის, რომ ყველაფერი ძალიან ახლობელი, სახალისო და იოლი ყოფილიყო ბავშვისთვის. ბავშვი, ბავშვმა, ბავშვს, ბავშვის და ა.შ. ცენტრი იყო ბავშვი. მათ უნდა მოწონებოდათ, მათ უნდა დაედასტურებინათ… ანბანის გაცნობის რიგი ძალიან მაგარი რამე მოიფიქრა, რომელი ასო-ბგერის მერე რომელი უნდა ესწავლა ბავშვს. ეს რიგი დაცულია ახლანდელ სახელმძღვანელოებშიც. ,,აი ია” იყო გენიალური!

როგორც ვთქვი, თავისი ძალიან მაგარი იდეების მიუხედავად, იაკობის მეთოდის ,,საიდუმლო ინგრედიენტი”, რითიც სრულიად საქართველოს ბავშვებს ერთ მშვენიერ დღეს წერა-კითხვა ასწავლა, იყო – სწორება იმაზე თუ რა უნდა ბავშვს? რა აინტერესებს ბავშვს? რა ეხალისება ბავშვს? მისი იდეები პასუხები იყო სწორედ ამ კითხვებზე!

ანბანის სწავლების რიგიც, ,,აი ია”, საწერი ბადე და სხვა უამრავი იდეა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემით მოიფიქრა. ამ კითხვების დასმა იყო მისი მიდგომა, მისი მეთოდი. ამიტომ იმუშავა იაკობის სახელმძღვანელომ და ვერ იმუშავეს სხვებმა. ამიტომ შეუყვარდათ ,,დედა ენა” და ვერ მიიღეს სხვა.

რომ შევაჯამოთ, აი, ასეთი სურათია:

გოგებაშვილის მეთოდი = მუდმივ განახლებას.
გოგებაშვილის მეთოდი = თბილისელი თუ რეგიონელი ბავშვების შენიშვნების, შთაბეჭდილებების, აზრების მოსმენა და გათვალისწინებას ყოველწლიურად. დიახ, ყოველწლიურად.
გოგებაშვილის მეთოდი = ბავშვისთვის გასაგებს.
გოგებაშვილის მეთოდი = ბავშვისთვის სახალისოს.
და ა.შ. პრინციპს და იაკობის მეთოდის ,,საიდუმლო ინგრედიენტს” ხომ მიხვდით?

ეხლა ეს ვთქვათ, ,,დედა ენა” რომელიც ახლა უნდა შევიდეს სკოლებში, ითვალისწინებს თუ არა იაკობის მეთოდის ძირითად პრინციპს?

წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვნახავ ამ წიგნს და ანალიზსაც დავდებ.

P.S. ისე, რას იტყვით, ძნელი ყოფილა გოგებაშვილობა?”