4 ივლისი, 2019

გურამ რჩეულიშვილი – “მე ახლაც 26 წლის ვარ”

გურამ რჩეულიშვილი - "მე ახლაც 26 წლის ვარ"მწერალი გურამ რჩეულიშვილი 26 წლის ასაკში ზღვაში დაიხრჩო და მას შემდეგ მისი შემოქმედების გულშემატკივრებისთვის დრო გაჩერდა.

“სხვა საქმე, რომ მქონდეს, არადროს არაფერს არ დავწერდი.

ღმერთო, რა დავაშავე , რომ წერა დამაწყებინე!

წერა! – თქვენ არ იცით, ეს ნამდვილი წყევლაა…
ო, ზღვაო, რამდენი საწერი მაქვს…და ზღვა, ძალა….
სიყვარულს ვერ ვუძლებ და ვიწვები…” –  ამბობდა გურამ რჩეულიშვილი.

“მე ახლაც 26 წლის ვარ” – ასე უწოდა მწერალმა ნუგზარ წერეთელმა წიგნს, რომელიც უახლოეს მეგობარს მიუძღვნა.

მწერლის დედა, მარიამ ნიჟარაძე გურამ რჩეულიშვილის ყველა მეგობარს დედობას უწევდა. სიფიცხე და სიდარბაისლე მწერალს დედისგან გამოჰყვა. ხასიათის გარდა, გურამი დედას ფიზიკურადაც ჰგავდა.
მარიამ ნიჟარაძე ყოველთვის ამჩნევდა, რომ მისი შვილი კეთილი და მოსიყვარულე იყო, მაგრამ ამავე დროს – ძალიან უცნაური. ის თავის დღიურში წერდა:

“არ ვიცი, რას მივაწერო გურამის მოქმედება, თითქოს კარგია, კეთილია, უყვარს თავისი მშობლები, მაგრამ ამ თავისებურებას თავს არ ანებებს…

რთულია ჩემი შვილი და თან ძალიან კარგია. ამ პატარა დეტალს, რატომ არის კარგი, მე და მამამისი ვამჩნევთ. ყველა ფაქტი, ნამოქმედარი კი საშინელია…

ყველა მოქმედება გურამისა სავალალოა და გულის მოსაკლავი. მიდის დრო, გურამი კი თითქოს რთულდება. რად ეკიდება ასე ზერელედ ცხოვრებას…”