23 ივლისი, 2019

გრაკლიან გორაზე უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს

გრაკლიან გორაზე უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინესგრაკლიან გორაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძვ. წელთაღრიცხვით V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ პერიოდის ძეგლი შემორჩენილია მთლიანად და იძლევა იმ დროის ცხოვრების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას. ცენტრალურ ადგილას დიდი საკურთხეველია. სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ვაზები დევს. იქვე არის სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობა.

გათხრებში თსუ-ის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 15 სტუდენტი. საველე სამუშაოები მოინახულა და სტუდენტებს შეხვდა თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე.

შიდა ქართლში, გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც თსუ-ის სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზაც ჩამოყალიბდა.

2015 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „გრაკლიანის გორას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი, ქვის ხანიდან დაწყებული ახ. წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნემდე. აქ არის, როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე საცხოვრებელი და ტაძრები.