29 ივლისი, 2019

გია ჯაჯანიძის საყურადღებო გაფრთხილება

გია ჯაჯანიძის საყურადღებო გაფრთხილებაგია ჯაჯანიძის რჩევები ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“1977 წლიდან დავიწყე მუშაობა და დამოუკიდებელი ცხოვრება.
არასდროს არ მიცხოვრია მარტო ან სალონური ცხოვრებით.
ვცხოვრობდი ადამიანებთან ერთად. ბევრ, ყველანაირი კატეგორიის ადამიანებთან ერთად.

შევიძინე უკიდეგანო გამოცდილება, არასოდეს არ ვუშვებდი ერთი და იგივე შეცდომებს, ძირითადად ვსწავლობდი სხვის შეცდომებზე, რადგან მძაფრად განვიცდიდი მათი დაშვებული შეცდომებისგან გამოწვეულ ტრამვებს და არ მინდოდა მეც აღმოვჩენილიყავი მათ ადგილას.

ვნახე და გავიცანი ყველა. როცა ნათელი გახდა ჩემთვის ყველაფერი, ყველას თავისი სახელი დავარქვი. ყველას თავისი ადგილი მივუჩინე და დავიწყე მშვიდად ცხოვრება.

ძირითადად საკუთარი თავის შეცნობით ვიყავი დაკავებული და როცა გავარკვიე ვინ ვიყავი და რა მინდოდა, კიდე უფრო დავმშვიდდი.

ჩამომიყალიბდა ფსიქოლოგიური მიდრეკილება:

შევიყვარო, ვისწავლო, ვასწავლო, ვუშველო, მივცე შანსი, ყურადღებით მოვუსმინო, დავამშვიდო, დავეხმარო შეძლებისდაგვარად. ფრთხილად მივცე არგუმენტირებული შენიშვნა.
ხშირად ადამიანები უშვებენ გაუცნობიერებელ შეცდომებს.
ხშირად ადამიანები ვერ აანალიზებენ, რა შედეგი შეიძლება დაუდგეს თავისი ხასიათის, ახირების და სურვილის გამო.

ბრძენსაც მოსდის შეცდომები, ამ დროს ბრიყვები ხარხარებენ.
როცა ბრიყვები ცდებიან, ბრძენი დარდობს.

მთელი ცხოვრების მანძილზე სამი ადამიანი დავკარგე. არც ერთზე ზიზღის გრძნობა არ მქონია (ზიზღიც ემოციაა), უბრალოდ გაქრნენ (ცოცხალი გარდაცვლილები).

არცერთს არაფერი დაუშავებია ჩემთვის, საკუთარი თავი არ დაინდეს. როცა ადამიანი საკუთარ თავს არ ინდობს, ის შენც არ დაგინდობს. ამიტომ, ვუთხარი რასაც ვფიქრობდი მასზე, ვაპატიე და გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან.

ცხოვრებისგან ნაცემი და დატანჯული ზოგიერთი ადამიანი სიყვარულისგან განძარცვულია. ზოგს პირიქით დაემართა – სიყვარულით აღივსო და ამ სიყვარულით ამარცხებს წარსულ ჯოჯოხეთურ მოპყრობას.
სანამ ყველაფერს არ დაკარგავენ, მანამ ვერ ხვდებიან, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ.

,,მოექეცი ადამიანებს ისე, როგორც გინდა მოგექცენ შენ…”
მაინც დავიხოცებით.

… და სანამ დავიხოცებით, ვიცხოვროთ ფრთხილად, წინდახედულად, შევირგოთ რაც მოგვეცა და მადლობა უთხრათ განგებას.”