1 ივლისი, 2019

“აბა სტურუა იყოს 50 წლის – ამას გააკეთებდით?”

"აბა, სტურუა იყოს 50 წლის, ამას გააკეთებდით?"რეჟისორი რობერტ სტურუა და მის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს დასრულების შესახებ კვლავაც განხილვის საგანია.

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური კოლეგებს მიმართავს:

“მომისმინეთ ეხლა კარგად, საბოლოოდ ვწერ რობერტ სტურუას შესახებ ადამიანურ ენაზე:

თქვე წამხედურო, მიმბაძველო ადამიანებო, მსახიობებს ეხება ზოგიერთს განსაკუთრებით: რომ გამოდიხართ და ბაძავთ მერილ სტრიპს, მადონას და დე ნიროს კლინტონის დასაცავად რომ გამოვიდნენ ტრამპის წინააღმდეგ მსოფლიო ვარსკვლავები, აი, თქვენ, თქვენ რა გაგიკეთებიათ, რა შეგიქმნიათ, ან თუ შეგიქმნიათ, სტურუას გარეშე რა გაგიკეთებიათ?

მოდი რა, მოვწყდეთ თეატრს და ადამიანურად ვილაპარაკოთ, გინდა დაგანახოთ თქვენი რეალური სახე? აბა, სტურუა იყოს 50 წლის, ამას გააკეთებდით? მიპასუხეთ – გააკეთებდით ამას? თუ ადამიანი ნახეთ “პოდ კანეც”, ანუ 82 წლის და დასასრული გგონიათ და მომენტალურად განუდექით?

თქვენ რა გგონიათ, აღარ დადგამს, ვეღარ გააკეთებს, ან რომც ვერ დადგას, ესაა თქვენი ღირსება? ესაა ის, რასაც კითხულობდით მორალს ეს წლები სცენიდან? ეს არის ეროვნული სირცხვილი.

ასე არაა – ადამიანმა შეგქმნათ, მსოფლიო განახათ, აღარ ვამბობ არაფერს იმ საოცარ დროსა და სივრცეზე, რასაც რეპეტიცია ჰქვია…

დედას ვფიცავარ, ცრემლი მერევა რომ მახსენდება ამ ადამიანის ჩვენდამი დამოკიდებულება და ასე ვუხდით? ესაა თქვენი რეალური სახე? რა გგონიათ, სერიალია ხელოვნება? სერიალია თქვენი წარმატების უკანასკნელი მწვერვალი? უნდა დაფიქრდეთ იმ ხალხზეც, ვინც თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა და გაოცებული შეცქერის თქვენს სამარცხვინო ფარსს…

ეს რაც შეეხება “ქურუმებს” და ზოგადად კი: “თქვენ კი გაოცებული გაფითრებული სახეებით რომ შეცქერით სისხლიან თამაშს! თქვენიიი…”