1 ივნისი, 2019

წმინდა ნინოს – თინათინ მღვდლიაშვილი

წმინდა ნინოს - თინათინ მღვდლიაშვილი”ჯავახეთის დათოვლილი მთები.
ფარავანი – სადედოფლო ღვინო.
შემომხვიე ოქროსფერი თმები,
შენს ნაწნავებს შემოვევლე, ნინო!
როგორ ბრწყინავს მზეზე ვაზის ჯვარი,
როგორ შვენის მზის გვირგვინი ზეცას,
წინ მიმიძღვის ანგელოზთა ჯარი,
მივუყვები ჯავახეთის ზეგანს.
ხოლო ერი, საზეპურო ერი,
შეფენია მარადიულ ნაპირს…
და ფარავნის ლაჟვარდიდან ელის
ქართლის მზეს და დაუჭკნობელ ყვავილს.
და ლურჯ მინდორს, თვალუწვდენელ მინდორს,
ფერი დაჰკრავს პირველქმნილი თოვლის…
მაყვლოვანში ქორწილია თითქოს,
წმინდა ნინო ფეხშიშველი მოდის.
და ღვთისმშობლის მადლიანი ხელი
ფარავნის ტბას აკვანივით არწევს…
ჯავახეთი – ქართლის საწნახელი!
ქართლის სვეტი – ვარძია და სამცხე!
რეკავს, რეკავს, რეკავს დედოზარი,
რეკავს ზარი შემმუსვრელი გველთა!..
ჯავახეთი – ისარი და ფარი
ხილულთა და უხილავთა მტერთა!..
და უფალი უძლეველი კვერთხით
შეშლილ ქარებს ღრუბლებივით ფანტავს
და ვემხობი წმინდა ნინოს ფერხთით,
გულში ვიდგამ მაცხოვნებელ კარავს.
წინ გზებია, ჰოი, დიდი გზები,
ამ გზაწვრილებს რა ხანია ვკეცავ –
ივერიის ოქროვანი ზვრები,
მანგლისი და, თბილისი და… მცხეთა!
სამთავროში გარემოა მშვიდი,
მონასტერში სასოებას ვპოვებ…
საღამოა…და სრულდება შვიდი,
ალბათ, ახლა, მწუხრი ადგას ბოდბეს.
ცამ ჩაყლაპა თოვლიანი მთები,
ფარავანი – სადედოფლო ღვინო…
შემომხვიე ოქროსფერი თმები,
შენს ნატერფალს შემოვევლე, ნინო!”