18 ივნისი, 2019

შეიქმნას ქართული ნაციონალური ცეკვის აღმასრულებელი საბჭო!

დავით ფოცხიშვილი– შეიქმნას ქართული ნაციონალური ცეკვის აღმასრულებელი საბჭო! – ამ ინიციატივით ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი გამოდის:

“ვუსმენდი მიხელ ყაველაშვილის საუბარს და ძალიან სასიახულოა, სპორტის განვითარებაში ამხელა თანხები რომ იდება… ბრავო! რა კარგად ჩამოაყალიბა ის, რომ სპორტში ჩადებული თანხები ხელს შეუწყობს ადამიანების ჯანმრთელობას და აღარ გვეყოლება ამდენი დასნეულებული ადამიანი… ეს ყველაფერი კი ბიუჯეტში მოგროვებულ თანხებს მთლიანად ჯანდაცვაში აღარ გადაისვრისო… მხარს ვუჭერ და კიდევ ერთხელ ბრავო! ყოველთვის მაღლა იდგნენ სპორტსმენები კულტურის მოხელეებზე… კარგია სპორტული მოედნები და ა.შ…

მაგრამ სპორტი იმდენად არ ანვითარებს ადამიანის კულტურას, რამდენადაც ხელოვნება… ამდენი სკვერი გაკეთდა და არ შეიძლება წელიწადში ერთხელ ამ ადგილებში აშენდეს პატარ-პატარა გამჭირვალე და ლამაზი ქორეოგრაფიული დარბაზები? არ შეიძლება? ფაქტიურად პირველმა ქართულმა ცეკვამ მოახდინა ფურორი მსოფლიოში… ააშენეთ ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სახლები, ბავშვები იმდენ რამეს ისწავლიან, თქვენ ვერც წარმოიდგენთ…

არ შეიძლება კულტურის სამინისტროში ოფიციალურად შეიქმნას რამოდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ გააკონტროლებს ქართულ ნაციონალურ ქორეოგრაფიას? ჭირივით მოედო ყოვლად დეგრადირებული ანსამბლები საქართველოს… ვისი სკრიპკა ვის როიალშია ვეღარ გაიგებს ნორმალური ადამიანი… იპარავენ ნახაზებს, მელოდიებს, ილეთებს სიუჟეტებს და ა.შ… დადიან მსოფლიოში ჯიშგაურკვევლად ჩაცმულები და აფუჭებენ ქართული ფოლკლორის ხარისხს…

დროა შეიქმნას ჯგუფი! ბევრი ახალგაზრდა ქორეოგრაფი შევიკრიბეთ და აუცილებლად დავწერთ წერილს და გავაგზავნით პრემიერ მინისტრთან…. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დროა კულტურის სამინისტროში შეიქმნას ქართული ნაციონალური ცეკვის აღმასრულებელი საბჭო…

ეს იდეა დიდი ხანია არ მასვენებს და დავძრათ ეს ეროვნული საქმე რა იქნება! ასეთი ფენომენალური ხელოვნება სხვა ერს რომ ჰქონდეს… არ ვიცი რა დავწერო…”