ლადო ასათიანის უკანასკნელი წერილი

ლადო ასათიანის უკანასკნელი წერილიპოეტ ლადო ასათიანის სიცოცხლე 26 წლის ასაკში შეწყდა. იგი ტუბერკულოზით დაავადდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოეტი თავის მეგობარ მწერალს ნიკა აგიაშვილს უკანასკნელ წერილში წერდა:

“ვეღარ ვძლებ ამ ვიწრო ოთახში, თითქოს კუბოში ვარ ცოცხლად მდებარე, მზის მონატრული. რომ მოვკვდე, ნეტავი, ამაზე უარესი თუ იქნება ის კუბო. ამის ბრალია, ალბათ, რომ თითქმის ყოველ ღამით და დღისითაც როცა ოდნავ წავთვლემ, სულ თავახდილი კუბოები მეზმანება.

კუბოს დანახვა ყოველთვის ტანში მზარავდა, კუბო სიკვდილია… შენ ხომ იცი, სიზმარი მიყვარდა და უფრო ტკბილი იყო იგი, რაც უფრო საშინელი და კოშმარული იქნებოდა. ხშირად მინახავს ფერად-ფერადი სიზმრებიც – წარმტაცი პეიზაჟებით…

ახლა კი საუკუნის ღამე ჩამოდის და საშინელი სიზმრები არ მასვენებენ… სულ ერთი და იგივე, ერთი და იგივე – უცვლელად: ვითომც ვწევარ ერთ შავ რკინის კუბოში, გარშემო უამრავი კელაპტრები უნთია. მათ ლიფლიფზე შავ კატებს მხრებზე შეუდგამთ ის კუბო და ამაზრზენი კნავილ-ჩხავილით, კუდების სხმარტალითა და შესაზარი თვალთა ბრიალით, “კუბო”, “კუბოს” ერთობლივი შემაძრწუნებელი ძახილით და გნიასით მიმაქროლებენ სადღაც…

შემდეგ კატები ქრებიან, კუბო ჟღრიალით ენარცხება მიწას და ის კატები დახოცილნი მაცვივიან თავზე. კუბო ივსება მათი გახრწნილი რბილ-რბილი ლეშით, გავურბი საშინელ მყრალ სუნს, მაგრამ მუხლები მეკეცება, ძირს ვეცემი და ვიღვიძებ, ოფლში გალუმპული. ჯერ არავისთვის გამიმხელია ეს ამბავი…

შენ იცი, როგორ მიყვარდა ცხოველები და, მათ შორის – კატები… გახსოვს ჩემი საყვარელი ბერანჟეს ლექსების ძველ კრებულში იყო მშვენიერი სურათი – ერთი ლექსის ილუსტრაცია – ბავშვებს რომ ეწვევა მეზობლის შავი კატა?… პატარა ბავშვივით მახარებდა იმ სტრიქონების წაკითხვა და სურათის დათვალიერება!

ახლა ამ საშინელმა სიზმრებმა ყველაფერი შემაძაგეს და შემაზიზღეს…”