10 ივნისი, 2019

გურამ რჩეულიშვილის გენიალური რჩევა

გურამ რჩეულიშვილის გენიალური რჩევამწერალ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება და მისი ჩანაწერები უკვდავი სიბრძნეა. ცოტა რთული დასაჯერებელია, რომ 26 წლის ბიჭმა ამდენი რამის გააზრება მოასწრო და მომავალ თაობებს ფიქრისა და განსჯისთვის დაუტოვა.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თუ მის ერთ-ერთ ჩანაწერს ყურადღებით წავიკითხავთ, აუცილებლად მივხვდებით, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ:

“მე დავიბადე თქვენთან ერთად, გავიზარდე თქვენთან ერთად, სკოლაში დავდიოდი, დავდიოდი ისევ და ისევ თქვენთან ერთად – კინოებში, თეატრებში და ექსკურსიებზე, ზაფხულობით ბორჯომში, მერე ზღვაზე, ზამთარში ბაკურიანში; ვიცვამ თქვენსავით ბუტილკა შარვალს 1955 წლიდან და არ ვატარებ ქუდს. ჩვენ ყველა ვიზრდებით ერთად, ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ყველა ერთი და იმავე წიგნიდან სწავლობს იმას, რაც მის ბუნებასთან ყველაზე ახლოა.

მე, თქვენგან განსხვავებით, დავდივარ უჰალსტუხოდ, გაღეღილი გულით და მძიმე მაღალყელიანი ფეხსაცმელებით, ზოგჯერ შეურაცხმყოფელად პირდაღებულებითაც, რადგან ახალი მაღალყელიანის შოვნა საერთოდ ძნელია, მე კი შევეჩვიე მათ, ისინი არიან მძიმე და ერთგული, მადგებიან ერთნაირად ოპერაში და მთაში, კინოში და ჩხუბში.

ეს გარეგნობაა. ყველა ჩვენგანი გრძნობს გარეგნობიდან რაიმეს – კბილის ტკივილამდე. კბილები კი ჩვენ სხვადასხვანაირად გვტკივა და ყოველთვის თითოეულ სუბიექტს უფრო მეტად სტკივა, ვიდრე სხვას, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მას სტკივა. აქ ტკივილის შეფასებაში ექიმი ვერ დაგვეხმარება, მას შეუძლია მხოლოდ ამოაძროს ის უიაროდ, იარებით, გართულებით ან გაურთულებლად. საოცარია ტკივილი, არავინ არასოდეს არ იცის მისი განმსაზღვრელი ციფრი. ზოგს ნემსის ჩხვლეტისგან მისდის გული, ზოგს ხელს აჭრიან გაუბრუებლად…”