24 ივნისი, 2019

გია ყანჩელი რობერტ სტურუას დაუპირისპიდა

გია ყანჩელი რობერტ სტურუას დაუპირისპიდაკომპოზიტორი გია ყანჩელი რეჟისორ რობერტ სტურუას დაუპირისპირდა.

როგორც მან ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

“მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე.

ბატონი რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო.

მინდა გავემიჯნო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომლებიც ურთიერთპატივისცემის ნაცვლად, ურთიერთდაპირისპირებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.

ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, დღეს თქვენთან ერთად ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებით და რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

ნება მომეცით ჩემი დამოკიდებულება დასახიჩრებული და დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ გამოვხატო ციტატით ჩემი სიმღერიდან “ჰერიო, ბიჭებო!” – ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით!

ძალიან მინდა, რომ აპოლიტიკურმა პიროვნებებმა წარმართონ მომავალში ჩემი ქვეყნის მომავალი. რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია პროპორციულ სისტემაზე, კოალიციურ მთავრობაზე. ყველა უბედურება მოდიოდა იქიდან, რომ იყო ერთპარტიული სისტემა, სადაც პარლამენტში უმრავლესობას შეეძლო ყველაფრის გაკეთება ერთი ხელის აწევით, იმიტომ რომ ეგენი იყვნენ ბევრად უფრო მეტნი. მინდა რომ ეს მოისპოს. არ ვარ კმაყოფილი ჩვენი ხელისუფლებით. მიმაჩნია, რომ ორმაგ პოლიტიკას თამაშობენ. აქამდე ვხედავდი რუსულ კვალს და იმედი მაქვს, რომ ამის მერე ვეღარ დავინახავ.”