8 ივნისი, 2019

გაიზიარეთ ნატალი ვეფხვაძის სიხარული

გაიზიარეთ ნატალი ვეფხვაძის სიხარულინატალი ვეფხვაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. მომღერალი გოგონა, რომელიც ფართო საზოგადოებამ “ნიჭიერიდან” გაიცნო, 9 აპრილის გმირის, უსინათლო ლელა ვეფხვაძის შვილია.

“ნიჭიერამდე” ნატალი მეტროში დედასთან ერთად მღეროდა, სახალხო პროექტმა მისი ცხოვრება შეცვალა, პოპულარული გახდა, დაოჯახდა და პატარა გაბრიელის დედაა.

ახლა კი ნატალის ცხოვრება სიმღერასთან ერთად სპორტმა დაიკავა. ის პარა ძიუდოს ეუფლება და სურს, სხვა პარა სპორტსმენების მსგავსად, საქართველოს ღირსება დაიცვას.

ნატალი ვეფხვაძე:

– ბავშვობიდან ვიყავი, ვფიქრობ, განსაკუთრებულად ძლიერი. ჩემს ბავშვობაში არ იყო პარა სპორტის კი არა, ზოგადად ბევრი რამის განითარება. დაახლოებით 2 თვის წინ დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელიც მუშაობს პარაოლიმპიურში, ასევე თვითონაც პარა სპორტსმენია, მშვილდოსანია – თეა ბოლქვაძე და მითხრა, პარასპორტსმენებს ეძებს შმაგი და ძიუდო თუ გაინტერესებს, თუ გაქვს სიყვარული და ინტერესი, მოდი ჩვენთანო. დავთანხმდი, რადგან ძიუდო ძალიან მიყვარს და მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მეჭიდავა, სპორტთან ყოფილიყო ჩემი ცხოვრება დაკავშირებული.

მივედი, დამხვდა ჩემი მწვრთნელი შმაგი რაჯაბაშვილი. ვისაუბრეთ, გრაფიკი ამიხსნა, წესები ამიხსნა, გამაცნო ზოგადად ძიუდო, როგორც სპორტი, შიდა სამზარეულოში გამარკვია და დაინტერესებული რომ ვიყავი, დიდი მონდომებით დავიწყე ვარჯიში, ახლაც აქტიურად ვვარჯიშობ. ჩემთან არიან სხვა გოგოებიც – ქეთი და რუსკა – ვისაც ასევე მხედველობის პრობლემა აქვს და ისინიც ჩემთან ერთად ვარჯიშობენ.

ჩვენთან პარაოლიმპიურში არიან სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანები. გარემო ძალიან კარგია, ძალიან თბილია, პროფესიონალი მოჭიდავეები გვეხმარებიან, ყველაფერს გვიხსნიან. ცდილობენ განვვითარდეთ და მეტი რამ ვისწავლოთ მათგან… შმაგი ყველაფერში ხელს გვიწყობს, რამდენჯერ ყოფილა ვერ მომიხერხებია მე თვითონ წასვლა, ან ბავშვი ბაღში მიმიყვანია და ცოტა დაგვიანების მომენტი მქონია, შმაგი თვითონ დამხვდება მანქანით, ან მანქანით წამიყვანს, ან მანქანით მომაცილებს სახლამდე, ან იმ ადგილამდე მიმიყვანს, სადაც მივდივარ. ძალიან მზრუნველი ადამიანია მარტო ჩემს მიმართ კი არა, ყველას მიმართ, რითიც შეუძლია ყველას ყველანაირად გვერდში უდგას. ის მხოლოდ ჩვენი მწვრთნელი კი არ არის, ჩვენი უდიდესი მეგობარია.

– დედამ როგორ მიიღო თქვენი გადაწყვეტილება?

– დედას რომ ვუთხარი, მან ყოველთვის იცოდა, რომ მიყვარდა სპორტი და მიდრეკილება მქონდა სპორტსიკენ, ამიტომ დადებითად შეხვდა, მითხრა, სპორტი მოითხოვს თავდაუზოგავ შრომას, ვარჯიშს, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რაღაც-რაღაცეებზე უარის თქმას, ეს იქნება საკვები, თუ ზოგადად რეჟიმი აუცილებელია სპორტში. ლელა ძალიან მგულშემატკივრობს და, თან უნდა, რომ ქვეყნის ღირსება, რითიც შესაძლებელი იქნება ჩემთვის, დავიცვა, ღმერთის წყალობით როცა დრო მოვა, მინდა მედალი ავიღო, საქართველოს დროშა ავწიო, ის იყოს ყველაზე მაღლა და ისმოდეს საქართვველოს ჰიმნი. დედას ეს ძალიან უნდა და მეც ვიზიარებ მის ემოციებს.

– თქვენი პატარა გაბრიელი როგორ შეხვდა დედიკოს გადაწყვეტილებას?

– რაც შეეხება გაბრიელს, ჩემმა მწვრთნელმა დამრთო ნება, რომ დარბაზში წამეყვანა, რათა მისთვის მეჩვენებინა, რას ვაკეთებ. ჩემს სხვა მიზნებთან ერთად არის ის, რომ მე, როგორც მარტოხელა დედამ ყველაფერი გავაკეთო. ამ შემთხვევაში გაბრიელისთვის ვარ მე დედაც და მამაც. მინდა რომ მისთვის ვიყო მაგალითი და მან დაინახოს ის, რომ მარტო ვარ ფაქტიურად როგორც ქალი, როგორც დედა, მაგრამ არ ჩამომიყრია ყურები, არ დამიკრეფია გულზე ხელები და ვიბრძვი ცხოვრებაში. ზოგადად ცხოვრებისეულადაც, ამ შემთხვევაში სპორტის საშუალებითაც და მინდა მან იამაყოს ჩემით, რომ თქვას, დედამ განაგრძო ცხოვრება და მან ძალიან ბევრი რამ მოახერხა. ასევე მინდა იამაყოს შშმ პირი დედით. მჯერა, ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.