26 ივნისი, 2019

დათა თავაძე: “სამხატვრო ხელძღვანელი 50 წელი არ შეიძლება მართავდეს ერთ თეატრს!”

დათა თავაძე: "სამხატვრო ხელძღვანელი 50 წელი არ შეიძლება მართავდეს ერთ თეატრს"რეჟისორი დათა თავაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე აქციას კულტურული მნიშვნელობა აქვს და რომ ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის საერთოა და ყველაფერს ეხება:

“რად უნდა თქმა, რომ მიმდინარე აქციას კულტურული მნიშვნელობა აქვს. ვცდილობთ, რაღაცეებს ერთხელ მაინც თავისი სახელი დაერქვას, რომ ძალადობას ერქვას ძალადობა და უსამართლობას – უსამართლობა. აქ ენაზე ვთანხმდებით – რომ პოლიტიკა არ ნიშნავს საპატიო ვირეშმაკობას და ხალხის მუდმივ დაშინებას, რომ ნებისმიერი ძალის გადაჭარბებული დემონსტრაცია ჩანასახშივე ისჯება და რომ მომავალში არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ 7 ნოემბრის მსგავსი კოშმარის შემდეგ კიდევ 5 წელი ვეყოლებით შიშში და 20 ივნისის მსგავსი კოშმარის შემდეგ კიდევ ვინმე დარჩება თანამდებობაზე თავისი გაუთავებელი სარკაზმით, როცა ამბობს, “ზოგ-ზოგიერთებმა” და “გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა”, რაც ნიშნავს ძირითადად 30 წლამდე ძალიან იმედგაცრუებულ, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობით, კიბოს რისკის ქვეშ მყოფ, სქოლიოზიან ახალგაზრდას, რომელიც ნულოვანი ხელშეწყობის ფონზე დაუჯერებელ სამოქალაქო სიფხიზლეს ამჟღავნებს!

ენაზე ვთანხმდებით: პუტინი – მოძალადეა, უფრო მეტიც – ხუილოა, გეზი რუსეთისკენ – მონობა, რომ ქსენიას ტომსკიდან არ უნდა გადავაყოლოთ ისტორიული უბნები, რომ “მიმინოს” გარდა კიდევ არსებობს ერთი-ორი ფილმი, რომ არაფერია იმაზე ნაკლებად სასაცილო, როგორც რუსული ღადაობები ღვინის მაღაზიებზე, რომ ნებისმიერ არაქართველს თუ უფრო მეტს გადაახდევინებ შენს რესტორანში, ეგ პოპულისტური ფაშიზმია და არავითარი გამართლება არა აქვს, რომ ჰომოფობიური აზრები თუ მოგდის, სასწრაფოდ აღსარება უნდა ჩააბარო, რომ გაბრაზებულ გულზე ხელოვნება ჯობია არ აკეთო, თორემ დაწყნარდები და შეგრცხვება, რომ “სოციალურ ქსელს” – ფეისბუქი ჰქვია, “გაპრავებას” – ალბათ, გამართლება, რომ სამხატვრო ხელძღვანელი 50 წელი არ შეიძლება მართავდეს ერთ თეატრს, იმიტომ რომ დემოკრატია უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში, ისევე, როგორც ერთი შეცდომაც არ უნდა ეპატიებოდეს არც ერთ ხელისუფლებას, მითუმეტეს, გარკვეულ ექსტრემალურ სიტუაციაში, რომ მიკროფონთან თუ დგახარ, ეს არ ნიშნავს, რომ იმაზე მეტად გტკივა, ვიდრე მას, ვინც მიკროფონთან არ დგას და მერე ერთმანეთს გადაკიდება და მე თქვენზე უკეთესი ვარ, იმიტომ რომ აქ ვარ და “ის სადაა” და “ეს სად იყო და რას აკეთებს” არ არის საჭირო, და რომ კარგი იქნება ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ და გავიაზროთ, სად და რომელ [ჩვენსავე] ენობრივ კლიშეებშია ნაღმივით ჩამარხული რუსული კოლონიალისტური რიტორიკა, “ფეიკნიუსის” ამოცნობაზე აღარაფერს ვამბობ…

და თუ ფოკუსირება გვიჭირს, იმიტომ რომ სხვა გზას მთლად ცხადად ვერ ვხედავთ, მაშინ გავიხსენოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც ეს სხვა გზა ძალიან კარგად გამოჩნდა, ძალიან კარგად გამოჩნდა, სინამდვილეში, ვინ არის ჩვენი მეგობარი (არაერთხელ გასული წლებში).

ასე რომ, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის “საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრისა” და “მწერალთა სახლის” დღევანდელ მდგომარეობაზე ლაპარაკი მიმდინარე აქციების კონტექსტიდან ამოვარდნილი! სულ პირიქით! იმიტომ რომ ეს ორი ორგანიზაცია, სწორედ იმ “სხვა” / ალტერნატიულ, ჯანსაღ, ან “ყოველთვის რომ ეკუთვნოდა საქართველოს” გზას ეძებდა ჩვენი ქვეყნისთვის და წარმატებით პოულობდა კიდეც!

ჰოდა, ახლა არც ერთი აღარ არსებობს და თუ იარსებებენ კიდეც გარკვეული რეორგანიზებული ფორმით, ძალიან გაუჭირდებათ იმ გრძელვადიანი შედეგის მიღწევა, რომელიც დაისახეს და რითიც ძალიან დიდ იმედს გვისახავდნენ. იმედს, რომ მართლა შეიძლება რაღაც შეიცვალოს ერთ დღეს. და, ბოლოს და ბოლოს, ამ ორგანიზაციებს იმდენი დამსახურება მაინც აქვთ, რომ შეეკითხო, როგორ ურჩევნიათ არსებობა და მათი აზრიც გაითვალისწინო, სანამ რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებ…

მოკლედ, ჩემი უსაზღვრო პატივისცემა და ღრმა მადლიერება ყველაფრისთვის, იმ დიდი ეროვნული საქმისთვის, რომელსაც აკეთებდა, აკეთებს და მჯერა, მომავალშიც გააკეთებს “ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრი” და “მწერალთა სახლი”, ყველაფერი იგივე და პლუს დიდი სიყვარული ჩემგან ნატაშა ლომოურსა და დეა მეტრეველს.

ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის საერთოა და ყველაფერს ეხება.”