10 ივნისი, 2019

აღმოჩენა მერაბ ბერძენიშვილის არქივში

აღმოჩენა მერაბ ბერძენიშვილის არქივშიმოქანდაკის, ფერმწერისა და გრაფიკოსის მერაბ ბერძენიშვილის არქივის მოწესრიგებისას მისმა მეუღლემ კირა მიქელაძემ შემთხვევით აღმოაჩინა ხელოვანის მიერ დაწერილ ლექსს, რომელიც ქუთაისში “გმირთა დიდების მემორიალის” აფეთქებას ეძღვნება და 2009 წლის 19 დეკემბრით თარიღდება.

მიშა იოსელიანი:

“ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის ქვრივი, უმშვენიერესი ქალბატონი კირა მიქელაძე მერაბის არქივის მოწესრიგებისას შემთხვევით წააწყდა მერაბის მიერ დაწერილ ლექსს იმ საშინელებისა გამო, როცა ავადსახსენებელი სააკაშვილის ბრძანებით ქუთაისში ბარბაროსულად დაანგრიეს ქართველი ხელოვნის ერთ-ერთი უძვირფასესი ნამუშევარი „გმირთა დიდების მემორიალი”. მერაბი საერთოდ ლექსებს არ წერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდი ხელოვნის საშინლად შეურაცხყოფილმა გულმა ამ შემთხვევაში პოეზიით გამოხატა თავისი მძიმე სათქმელი.

იმედია, დღეს თუ არა, ხვალ მაინც კვლავ აღდგება დიდი ხელოვანის მიერ ჩვენი ხალხის გმირობის სადიდებლად შექმნილი ხელოვნების უკვდავი ნიმუში, ხოლო ეს გულიდან რისხვად ამოხეთქილი პოეტური სტრიქონები მარად დარჩება როგორც მავნე, ანტიქართველ ნაციონალთა ბოროტებისთვის გამოტანილი უმკაცრესი განაჩენი.

,,ვით კორიდაზე მებრძოლი ხარი,
ისე დაეცა მემორიალი…
კაცი მზაკვარი, ამფეთქებელი,
ბოროტი კვალით ისევ აქ არი.
მე გავაშენე გმირთა სავანე,
ვინც სამშობლოსთვის სისხლი გაიღო,
ვინც სიყვარულის ძეგლი აიგო,
მაგრამ ლაჩარმა ნგრევით აიღო…
„ვეფხით და მოყმით” გამოზრდილი ვარ,
მაგრამ ვაი, რა ფუჭად გავრჯილვარ.
დედას მოფხრიწეს წმინდა მანდილი,
ასე მხეცურად არცროს დავსჯილვარ!
მაჯლაჯუნები გამეფდნენ ქვეყნად
და დააჩოქეს გმირი ქართველი,
ლეშიჭამია შავმა ყორნებმა
არწივს წარსტაცეს ბარტყნი-მართვენი.
ვაი რომ, თმენით შევცქერი ეშმაკთ,
ქვაშიაც ცეცხლის ვიყავ მგზნებელი,
ნახე, მოვხუცდი, დავსუსტდი უკვე,
და ვაი, მკადრეს უკადრებელი!”