4 მაისი, 2019

ზვიად რატიანი: “მაგარი საცოდავები ხართ!”

ზვიად რატიანი: "მაგარი საცოდავები ხართ!"პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავს:

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურისა და ა.შ. სამინისტროვ,

მონობა არაა დასაძრახი, თუკი ძალით დაგიმონეს, მაგრამ თქვენ ხართ ნებაყოფლობითი, მოხალისე მონები, და შეუძლებელია, რაიმე გაკავშირებდეთ კულტურასთან, რადგან კულტურა, პირველ რიგში, სწორედ თავისუფლებაა.

წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი, რომლებიც ამჯერად „მიჯირყვნეთ“, ორი ყველაზე წარმატებული გუნდი იყო ლიტერატურისა და წიგნიერების მიმართულებით. მათ შეძლეს და მთელი მსოფლიოს თვალში აღადგინეს საქართველოს გვარიანად შელახული რეპუტაცია, შელახული – პირველ რიგში – თქვენი და თქვენი ბოგანო პატრონის მიერ.

ბატიაშვილზე არაფერი ვიცი გარდა ერთისა – გვარი გაამართლა! გიორგაძეს მინისტრის პორთფელში ყუმბარა ჩაუდეს და ისე გადასცეს, და მანაც პირნათლად შეასრულა დავალება – ეს ყუმბარა საყდრისში შეაგდო. პლიუს, ქელეხის თავიქალი ბერიკაშვილი, საქართველოს „სახედ“ რომ ამზადებდით ფრანკფურტისათვის, რათა იქ ჩურჩხელები და ასაწყობი ეკლესიები ჩაეტანა და საქვეყნოდ მოგვჭროდა თავი. მაშინ გადავრჩით, არ გაგივიდათ.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში, რომელსაც მწერალთა სახლი აწყობს, უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის მწერალმა მიიღო მონაწილეობა და გაიყოლა მხოლოდ კარგი მოგონებები, რომლებსაც სხვებსაც, მათსავით მნიშვნელოვან ადამიანებს გაუზიარებდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მართლა შეუძლებელი შეძლო წიგნის ცენტრმა, ევროპაში დღემდე ლაპარაკობენ და წერენ საქართველოს განსაკუთრებულობის შესახებ. ერთადერთი შავი ლაქა, რაც ფრანკფურტის ბაზრობას ახლდა, ჩვენი ვითომ-ვითომ პრემიერის გამოსვლა იყო, უფრო სწორად, სადღეგრძელო. თავის მოჭრა! მესამე რიგში გამოჭიმული გაუთლელი კალაძეც კი დასცინოდა.

ჰოდა, მერე რას აპირებთ, როცა ეგ თქვენი მანიაკი ბიძინა თქვენც გაგაპანღურებთ? მერე როგორ უნდა იკაცოთ და იმართლოთ თავი? რამდენი ფულიც არ უნდა მოკუჭოთ, მაინც მაგარი საცოდავები ხართ.”