27 მაისი, 2019

თენგიზ ქართველიშვილის გამოფენა ხელოვნების სასახლეში

თენგიზ ქართველიშვილის გამოფენა ხელოვნების სასახლეში27 მაისს ხელოვნების სასახლეში გრაფიკოსის, პლაკატისტის, ფერმწერისა, თეატრისა და კინოს მხატვარის თენგიზ ქართველიშვილის აფიშებისა და პლაკატების გამოფენა გაიხსნება.

1970-იანი წლების ქართული ფერწერის თავისებურებებს ამ პერიოდის ხელოვანთა შემოქმედება ასახავს, მათ შორის თენგიზ ქართველიშვილი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ქართული კულტურის მიმდინარე პროცესებს, მხატვრულ აზროვნებაში მომხდარ ცვლილებებსა და სტილისტურ მრავალფეროვნებას.

თენგიზ ქართველიშვილი 1982-2005 წლებში მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. მინიჭებული აქვს პრემიები, მედლები და ჯილდოები. ტირაჟირებულია მის მიერ შესრულებული 300-ზე მეტი სხვადასხვა თემატიკის პლაკატი. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო მუზეუმებში და კერძო კოლექციებში.

გამოფენაზე წარმოდგენილია, როგორც კულტურული ღონისძიებებისთვის, ასევე თავისუფალ თემაზე შექმნილი აფიშები და პლაკატები, რომელიც გამოირჩევა მხატვრული ოსტატობით, იდეისა და ფორმის ჰარმონიული შერწყმით.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი სრული კოლექცია შემოქმედმა ხელოვნების სასახლეს საჩუქრად გადასცა.