15 მაისი, 2019

სამარცხვინო ქმედება პაატა ბურჭულაძის მიმართ

პაატა ბურჭულაძეს დევნიანოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძის მიმართ დიდი ხანია მიზანმიმართული გეგმა ხორციელდება, რომელიც ოპერის მსოფლიო ვარსკვლავისგან მტრის ხატის შექმნას ემსახურება.

ერთ-ერთ ასეთ ამბავზე ფონდ ”იავნანას” ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე საუბრობს:

“ფარისევლობა? არა კაცო, სიფრთხილე გვკლავს – ეს ოხერი!

ისეთი შთამბეჭდავი მოვლენების მომსწრე ვარ, უკვე აღარც ვიცი, მეტკინოს თუ ვაგროვო და ვინახო… გული მწყდება, რომ ყველაზე ძლიერ აღმოჩენებს ვერც აქ და ალბათ, ვერც ვერსად ვერ დავწერ (ამიტომ არ მჯერა ხოლმე მემუარების სიწრფელის), მაგრამ ოპერის ფანი როა იმ კაფის მეპატრონის ამბავი რომ არ მოვყვე არ გამოდის.
„ხალხის მტრის“ ხატი დღესაც როგორ ეფექტურად მუშაობს და იმ ავბედით დროს რა იქნებოდა, წარმოდგენაც კი შიშის ზარებს მცემს. ორი საუკუნის ყველაზე ცნობილ ქართველ არტისტს, რომლის გარშემო „პეროებს“ და მიმსვლელ-მომსვლელ-მთხოვნელს ვერ ვითვლიდი, დღეს ყველაზე მეტად და შეძლებისდაგვარი გემოვნებით, თავს და თვალს „წარმატებულები“ არიდებენ. ნუ, ბევრი წვალებაც არ უწევთ, რადგან საოპერო მომღერლისთვის ფორმაში ყოფნა მსხვერპლს მოითხოვს და ამის გამო, ხშირად ვერ ჩამოდის.

ამჯერად, მახათას მთაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა 2 დღით, მისი დიდი და მნიშვნელოვანი ღვაწლის შესახებ ღვთისმშობლის სადიდებელ სახალხო პროექტში მგონია, რომ ყოველმა თქვენგანმა იცის, მიუხედავად იმისა, რომ 12 მაისს ქტიტორთა შორისაც კი არ დაასახელეს, ნუ, საზეიმო ვახშამზე რომ არ მიიწვევდნენ ამას წინასწარმეტყველების დახმარების გარეშეც იგრძნობდა ჭკვიანი კაცი, იმიტომ კი არა, უბრალოდ, სიფრთხილეა მაგარი ოხერი.

თუმცა ისტორიის ცოდნა ყველაზე ფრთხლებსაც კი კარნახობს, უკან დასახევი გზა აქეთაც დაიტოვონ ცოტათი, “ბიჭო რა უქნეს პაატას!“ – ეს ამბავი ხომ აუცილებლად აგორდება ადრე თუ გვიან და ფრთხილები ამასაც ითვალისწინებენ. ზოგი იტყვის – რა ვქნა პაატა, ჩემს უკან ათასობით დასაქმებული ადამიანი იდგა და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, ზოგი მოყვება როგორ „შეასკდა“ და არ დაუთმო, ოღონდ სადღაც სამზარეულოში, მარტო თვითონ რომ იცის. ასევე, იტყვიან ბოროტის გაღიზიანებით საერთო ეროვნული საქმე დაზიანდებოდა და ამიტომ არ გახსენეთო და უფალი სიმართლეს გამოაჩენსო…

არადა, მხოლოდ ყავა-ხანის მეპატრონის სიფრთხილეზე მინდოდა დამეწერა, დანარჩენს არაფერს ვაპირებდი…

ამბავი კი ასე იყო, ტაძრის გახსნის წინა დღეს, ფონდის საქმეებზე შეხვედრებს შორის, ყავის დასალევად პეროვსკაიაზე წავედით ერთ პატარა კაფეში, სადაც კედელზე სხვადასხვა ჯიშის ყავის ყუთებია საყვარლად ჩამწკრივებული. მეპატრონე ოპერის ფანია და ლა-სკალას აფიშებით აქვს იქაურობა გადაკრული. ეს ადგილი იმიტომ შეგვიყვარდა, რომ რამდენიმე წლის წინ, მეპატრონემ პაატას სთხოვა N7 ყუთში ყავას თუ შეიძლება თქვენს სახელს დავაწერო, იქვე იყო ფარაჯანოვ და ფიროსმან ყავები.

ასე და ამგვარად, ოპერის ფანის კაფეში შევირბინეთ ყავა პაატა ბურჭულაძეს დასალევად, თუმცა მის ნაცვლად ყუთი N7 ვიხილეთ. მიმტანს ვეკითხები, ყავა ბურჭულაძე სად გაქრა-თქო? ეს ამბები რომ ატყდა, ერთმა გააპროტესტა ბურჭულაძეს არ დავლევო, აქ ცოტა ისეთი ხალხიც შემოდის და შეგვეშინდა რამე არ გვითხრან და წავშალეთო.

სამარცხვინო ქმედება პაატა ბურჭულაძის მიმართ

პეროვკაიას ყავა-ხანაშიც რომ სიფრთხილე დაგხვდება ეს ოხერი, მთაწმინდის რესტორნისგან, მთლად მთავრობა როა მიწვეული, რაღას უნდა მოელოდე.

ფარაჯანოვ და ფიროსმან ყავები მაინც შევუკვეთეთ, უკან ხომ არ გამოვრუნდებოდით, მიმტანიც, თავის მხრივ, შეეცადა უხერხულობის გამოსწორებას და კაფემ დაგპატიჟათო, არაფრით არ გამოგვართვა ყავის ფული.

ეს ამბავი სულ მთლად გადაგვავიწყდა, რადგან მეორე დღეს, ყველამ ერთად პრემიერის უცნაური გამოსვლის კიდევ უფრო უცნაურ ტექნიკურ ხარვეზზე ვინერვიულეთ. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების, მათ შორის გახმოვანების დეფექტებით მიღებული არაერთი ტრავმის გამოძიება-ცოდნის მიუხედავად, ამ კონკრეტული ხარვეზის მეგაჰერცული ახსნა ვერ შევძელი, იქნებ იმიტომ, რომ მახათას მთაზე საორჭოფო საკითხებს ძირითადად, მეტაფიზიკური არსი განაგებს. ეს ადგილი ვერ გუობს ეგეთებს, ცალი ხელით, რომ ადამიანების დისკრედიტაცია-განადგურებას ტროლავენ და თან სათნოებასა და ღმერთზე ხმამაღლა რომ უნდათ საუბარი უხარვეზოდ.

მართლა როგორი დიადი და იმედით აღსავსეა ის ფაქტი, რომ უწმინდესის კურთხევით, თითო ლარით და მილიონობით ადამიანის რწმენით აიგო და ეკურთხა კიდეც ღვთისმშობლის სადიდებელი ტაძარი.

უფალი მეფობს! – როგორი მტკიცე და ნამდვილია, ყოველგვარი ოხერი სიფრთხილის გარეშე…”