რა კარგი ხარ, რა კარგი! – იოსებ გრიშაშვილი

რა კარგი ხარ, რა კარგი! - იოსებ გრიშაშვილირა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება
თმებზე ღამე გიცინის, პირზე – დღის ბრწყინვალება.
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე!
როცა მოვკვდე, გენაცვალე,
ძეგლად გადამეფარე.
სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს, ის ბინა
და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბიბინა;
სპილომ ძვლები დაიფშვნა რამდენიმე წვრილ კბილად
და მარჯნებში ჩაგება მარმარილოს ბორკილად
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე….
როცა მოვკვდე, გეთაყვა ძეგლად გადამეფარე!
სუნთქავ – და მაგ სუნთქვისგან, რომ მიბრძანო შენს მწერალს,
ფსალმუნს დავწერ, ღვთის ფსალმუნს, საგალობელ-სამღერალს.
მზე შიშობს, რომ მასზე წინ იას არ შეეყარო!
შენს სიარულს აჯავრებს დარხეული მთის წყარო;
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე,
როცა მოვკვდე, ლამაზო ძეგლად გადამეფარე!!
…თუმც ქალის სიყვარული, მყის წყალივით ჩანჩქარა,
ისე სწრაფად გაირბენს, ისე სწრაფად და ჩქარა:
ვით სარკეზე ნაორთქლი, ვით სრიალი ტყის გველის,
ან ვით თითი კლავიშზე, რომელიმე დამკვრელის.
ვის არ ვხედავ შენს გვერდით, შენსა გარეშემოსა,
ეგ სიტურფე, მითხარი, ქებით ვინ არ შემოსა,
ვის არ უნდა შენს გულში ადგილი დაიჩემოს
ვის არ უნდა, მითხარი, შენი ტრფობა იგემოს?
მე კი რით გაგაკვირვო რომელ ქათინაურით?
მე ჩუმი ვარ, გენაცვა, ვერ მოგხიბლავ ხმაურით,
ვერ მოგხიბლავ სიტყვებით, ვერ მოგხიბლავ და მგონი,
სიტყვა ჯერ არ არსებობს შენთვის გამონაგონი!
და მიტომაც მე მინდა, რომ ეგ სახე ლამაზო,
ჩემის ფრჩხილით დავკაწრო, ჩემის კალმით დავხაზო,
ლოყებზე დაგიჯღაბნო რაღაც უცნაურება,
რომ სარკეშიც შეგზარდეს შენი სახის ყურება, –
მაშინ ბრბო მყის დაგტოვებს, ბრბო წუთით ანათრთოლი,
გაგეცლება, როგორც ხეს შემოდგომის ფოთოლი,
და დამრჩები მხოლოდ მე, ვით სიცოცხლეს საწუთრო,
და შევიძლებ, რომ ერთმა ერთი დაგისაკუთრო.
მხოლოს ჩემთვის იცოცხლებ, მხოლოდ, მხოლოდ და მხოლოდ
და გახდები მგოსნისთვის გამოუცნობ სიმბოლოდ!
კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ზღვისფერთვალება,
თმებზე ღამე გიცინის, პირზე – დღის ბრწყინვალება.
რა კარგი ხარ რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე –
როცა მოვკვდე, გენაცვა, ძეგლად გადამეფარე.”