მარინა ივანიშვილის ჯადოსნური შემოქმედება

მარინა ივანიშვილის ჯადოსნური შემოქმედება მოქანდაკის, გრაფიკოსისა და ხატმწერის მარინა ივანიშვილის კატალოგის პრეზენტაცია 15 მაისს, 19 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიმართება.

ალბომი მეტ-ნაკლები სისრულით ასახავს მარინა ივანიშვილის შემოქმედებით გზას, გზას რომელსაც სიტყვები არ სჭირდება.

გრძელი ლამაზი თითები, გამჭოლი მზერა, რომელიც გგონია რომ თითქოს ყველაფერს ხედავს – ეს მარინა ივანიშვილია. მისმა მემკვიდრეობამ საეტაპო როლი ითამაშა თანამედროვე ქართული კულტურის ისტორიაში. ის უხმაურო ადამიანია, თუმცა მის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები ხმაურობენ, გეძახიან, გიზიდავენ და ბოლოს გატყვევებენ კიდეც. მისმა მამაკაცის ტორსებმა, ქალების ნიუებმა, პორტრეტების ჩაფიქრებულმა გამოხედვამ, ძელზე დაკიდებული მაცხოვრის ტკივილმა და მსხვერპლშეწირვის სევდამ ვიწრო ეროვნული ჩარჩოები გადალახა და მსოფლიო ხელოვნების ყველაზე თანაზიარი და ამასთანავე თავისთავადი შენაკადი გახდა.

მარინა ივანიშვილმა 1970-1976 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.

მას ჰქონდა 22-მდე ჯგუფური და 3 პერსონალური გამოფენა: 1999 წელს – გალერეაში “ორიენტი”, თბილისი, საქართველო; 1997 წელს – ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში, თბილისი, საქართველო (ექსპოზიცია საჩუქრად გადაეცა საჯარო ბიბლიოთეკას, რათა საფუძველი ჩაყროდა ბიბლიოთეკის კოლექციას) და 1991 წელს – ქალთა კულტურის ცენტრში, ჰამბურგი, გერმანია.

ხელოვანის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და ყოფილი სსრ კავშირის კულტურის სამინისტროს ფონდებში, ასევე კერძო კოლექციებში (ჯონატან პული, ფედერიკო მაიორი, პიერ პუპარი, ა. შტენზელ, რ. ოატ, ს. ზურაბაშვილი, თ. ჯორჯაძე, ვ. ქუთათელაძე, ალ. ფლორენსკი, გ. ზალდასტანიშვილი, თ.იაკობაშვილი, ბ.ივანიშვილი, ალ. ბატონიშვილი, დ. იოსელიანი და სხვათა კოლექციები).

ხელოვნების სასახლეში კატალოგის პრეზენტაციაზე მარინა ივანიშვილისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაც გაიმართება.