23 მაისი, 2019

ჯორჯ ბალანჩინის საინტერესო ისტორია

ჯორჯ ბალანჩინის საინტერესო ისტორიამსოფლიო საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრება და შემოქმედება დღემდე ბევრისთვის საინტერესოა.

“მკითხე მოამბე” ქართველი ბალეტმეისტერის შესახებ საყურადღებო ისტორიას გვიზიარებს:

“ყმაწვილკაცობაში მე და ჩემმა ამხანაგმა ერთი თავშესაქცევი თამაში გამოვიგონეთ.

გავიხსენებდით რაიმე საინტერესოს ისტორიიდან და იმნაირად გადავასხვაფერებდით, რომ გამოცანად ქცეულიყო.

მახსოვს, ერთხელ მკითხა, აბა, თუ იცი, ვინ არის ის ქართველი კაცი, რომელსაც თავისი სახელი და გვარი დასავლურ ყაიდაზე გადაუწყვია, მაგრამ მთელი ცხოვრება თავი მაინც ქართველად მიუჩნევიაო. თან მინიშნებად დააყოლა, ერთი დიდი ქვეყნის კლასიკურ ბალეტსაც ჩაუყარა საფუძველი და არც პირველი ყოფილა თავის გვარში, ვინც რაიმე დიდებული შექმნაო.

ვიმტვრიე თავი და ვერ გამოვიცანი. არც ენციკლოპედიები დამიტოვებია უყურადღებოდ. ეჰ, მაშინ სად იყო ასე მარტივად, დღეს რომ ინტერნეტში ერთი ხელის მოსმით შეგიძლიათ ყველაფრის ნახვა. ბევრი ვეძებე და ბოლოსდაბოლოს ვიპოვე – ჯორჯ ბალანჩინი ჩაუფიქრებია იმ ოხერს. ქართული ოპერის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟი და კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის ძმა – გიორგი ბალანჩივაძე პეტერბურგში დაბადებულა. ეროვნებით ქართველმა გიორგიმ თავი მსოფლიოს ჯორჯ ბალანჩინად გააცნო და ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებლად დაამახსოვრა.

18 წლამდე ცეკვა ყოფილა მთელი მისი ცხოვრება, შემდეგ ავადმყოფობის გამო ცეკვა ვეღარ გაუგრძელებია. თუმცა, ამ ამბავმა უფრო მეტად მიაჯაჭვა ბალეტს. ცეკვის ჟინით შეპყრობილმა, ახალგაზრდული საბალეტო ჯგუფი დააარსა და გასამრჯელოდ პურს, საპონსა და ასანთსაც კი იღებდა თურმე. საყვარელი საქმის ერთგულება ბალანჩინს წლების შემდეგ დაუფასდა. თანაც როგორ!

ამერიკელმა მილიარდერმა – როკფელერმა ბალანჩინს თეატრის ასაშენებლად, არც მეტი, არც ნაკლები, 9 მილიონი დოლარი გადასცა. ამ თანხით კი გიორგიმ ზედ ბროდვეიზე „ნიუ-იორკ-სიტი-ნალე” ააშენა. შთამბეჭდავია, არა?

მსოფლიო დიდებაში გახვეულ ბალანჩინს სამშობლო არასდროს დავიწყებია. ქართული ცეკვის არაერთი ილეთი გადმოუტანია საბალეტო ქორეოგრაფიაში. მართალია, ქართულად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ თუ მის დასში ვინმე სანაქებოდ იცეკვებდა, შესძახებდა ხოლმე – შენი ჭირიმეო!

ისე, რა უცნაური და მრავლის მთქმელია, ადამიანს მშობლიური ენა არ გესმოდეს და ყველაზე ამაღელვებელ ემოციებს მაინც ამ ენის შეძახილებით გამოხატავდე!”