4 მაისი, 2019

ირინა კოშორიძე: “დიდი ბოდიში, მაგრამ თუ იცის სამინისტრომ…”

ირინა კოშორიძე: "დიდი ბოდიში, მაგრამ თუ იცის სამინისტრომ..."ირინა კოროშიძე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორია. იგი არ მიესალმება მათი მუზეუმის ხელოვნების სასახლესთან გაერთიანებას:

“მე, როგორც ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ყოფილ დირექტორს, მაქვს მთელი რიგი კითხვები და პრეტენზიებიც მათთან, ვინც ამ დადგენილების ტექსტი ჯერ მოამზადა, მერე დაწერა და ასე მიართვა დასამტკიცებლად “უმაღლეს ხელისუფალთ”. ვის ტვინში მოიხარშა ის ბრძნული იდეა, რომ:

1. თურმე ხელოვნების სასახლისა და ჩვენი მუზეუმის კოლექციები იდენტური ყოფილა და ფაქტობრივად ხალხურის კოლექციები კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის კოლექციების გაგრძელებაა. იცით კი რა კოლექციებია ჩვენს მუზეუმში და რა კავშირი აქვთ მათ ზემოთ ნახსენები მუზეუმის კოლექციებთან?

2. სხვათა შორის, მუზეუმს წელს 120 წელი უსრულდება და ვინ ვისი გაგრძელება და დამატებაა, ეს კიდევ საკითხავია.

3. რომ თურმე მართვა, მენეჯმენტი და მეცნიერული კვლევების დონემ უნდა აიწიოს ამ გაერთიანების შედეგად. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ იცის სამინისტრომ, რომ ჩვენი 5-წლიანი მოღვაწეობის დროს, მუზეუმს სამი წელი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 3-წლიანი ფუნდამენტური კვლევების გრანტი ჰქონდა, რომლის შემდეგ 500-გვერდიანი მონოგრაფია დაიდო, სხვათა შორის, რეალური მონოგრაფია და არა ისეთი “cofe table” წიგნი, როგორებსაც ზოგიერთები ბეჭდავენ თვეში ერთხელ.

4. რომ 12-კაციანი სტაფიდან ჩემი იქ 5-წლიანი მუშაობის შედეგად, მუზეუმში დავტოვე 2 დოქტორი, 1 დოქტორანტი ხელოვნების ისტორიაში, 1 მაგისტრი კონსერვაციაში, 1 მიმდინარე მაგისტრი მუზუემმცოდნეობაში. ამჟამინდელი დირექტორი კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდა დოქტორია.

5. 5-წლიანი მოღვაწეობის დროს ჩავატარეთ 5 სამეცნიერო კონფერენცია, მათ შორის 1 კემბრიჯის უნივერსიტეტთან ერთად, 1 სპარსული კვლევებისა და 1 პოპკულტურების საერთაშორისო ასოციაციებთან და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან ერთად. ამავე დროს გამოვეცით 10-მდე ძალიან საინტერესო მონოგრაფია ჩვენი კოლექციების შესახებ, ჩატარდა 100-ზე მეტი საჯარო ლექცია და უკვე მეოთხე წელია იმართება ჯერ ხალიჩების, ახლა კი სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალები.

6. რამდენი ექსპერტიც გეტყვით რომ გაერთიანება კარგია, იმდენი საერთაშორისო ექსპერტი ამის საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებთ. მენდეთ, ამ სფეროში ნამდვილად მაქვს გამოცდილება. 1999 წლიდან მუზეოლოგიის განათლება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში მაქვს მიღებული.

7. მე მგონი, ამჟამად ეს საკმარისია და ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სალომე ცისკარიშვილს, რომელმაც გაბედა და ეს ყველაფერი თქვა. არც ერთ სხვა ჩემს კოლეგას ხმამაღლა არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, მათ შორის იმათაც, ვისთან ერთადაც მე წლების მანძილზე ბევრი კარგი საქმისთვის ვიბრძოდი.”